GE

მისაღები გამოცდების ახალი მოდელი, იანვარში დაანონსებულთან შედარებით, მცირედით შეცვლილი იქნება

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელი უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა ჯერ საზოგადოებისთვის მხოლოდ იანვარში დაანონსებული ცვლილებებია ცნობილი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

EDU.ARIS.GE– სთან დეტალები არც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ დააკონკრეტა.

,,მომავალი წლის საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე უმაღლესი განათლების შესახებ, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ განცხადებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოცდები დასრულებულიყო სრულად, რომ არ დაბნეულიყო საზოგადოება სიახლეებით”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

EDU.ARIS.GE – ს კითხვაზე, განიცადა თუ არა ცვლილება იანვარში წარმოდგენილმა მოდელმა და შეჯერებულია თუ არა უნივერსიტეტებთან პოზიციები, მინისტრის მოადგილე მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ცვლილებები არის, მაგრამ მკვეთრი არა.

გარდა ამისა, ირინა აბულაძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უმაღლესში ჩარიცხვის განსხვავებული მოდელის ამოქმედების შესახებ ისაუბრა:

,,ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევა ერთ პაკეტად და გულისხმობს იმას, რომ უკვე მომავალი წლიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჩარიცხვა განხორცილედება განსაკუთრებული წესითა და პირობებით, რომელსაც დაადგენს მინისტრი.

“მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ბოლომდე აღდგენილი არ არის და აბიტურიენტები ყოველწლიურად იმყოფებიან იმ რისკის ქვეშ, რომ გარე ძალებმა თუ პირებმა საგამოცდო პერიოდში მოახდინონ, ასე ვთქვათ, მანიპულაცია, მთავრობის თუ ინდივიდუალური პირების, აი ამ რისკის მინიმალიზაციას გავაკეთებთ, რომ მათ ჩარიცხვას და სწავლებას, სურვილის შემთხვევაში, პრობლემა არ შეექმნას. აქ უკვე საუბარი გვაქვს უნივერსიტეტებთან, შიდა გამოცდის საფუძველზე ამ პირთა ჩარიცხვაზე, რაც ცხადია, იმ რისკს შეამცირებს, რომ კონკრეტული საგამოცდო სესიისთვის გამშვები პუნქტი ჩაიკეტოს და მათ ვეღარ შეძლონ გადმოსვლა. ეს იქნება ალტერნატიული მოდელი მათი უმაღლესი განათლების სისტემაში მონაწილეობისა და ამოქმედდება მომავალი წლიდან”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რა იცვლება 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე? – აბიტურიენტები და უნივერსიტეტები განათლების სამინისტროსგან პასუხს ჯერ ისევ ელიან

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური