GE

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება“

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ ახლო მომავალში განსახორიცელებელი რეფორმები გააცნო, რომლის მომზადების ეტაპი უკვე დაწყებულია და პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს, ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

მინისტრი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება. ამიტომ რეფორმა კაბინეტში არ უნდა იწერებოდეს, მასში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული. სწორედ ამ მიზნით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმებზე აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, ასევე, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი რეკომანდაციების გათვალისწინება რეფომების შემუშავების პროცესში პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

მინისტრის თქმით, რეფორმათა პაკეტი, რომელიც ახლო მომავალში მომზადდება, განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს. მასში გაწერილი იქნება კონკრეტული ამოცანები შესრულების ვადებთან ერთად და ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგებზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განათლების რეფორმირების მნიშვნელობის შესახებ. მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კონკრეტული წინადადებები სკოლების, მათ შორის, სოფლის სკოლების ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, განმარტებით, განათლების დაფინანსების გაზრდა პარლამენტისა და მთავრობის ზოგადი პოზიციაა. მისი ინფორმაციით, 2021 წლისთვის, სულ მცირე, 6%-იან ნიშნულზე იგეგმება განათლების დაფინანსების ზრდა მშპ-სთან მიმართებაში, მაგრამ დაფინანსების გაზრდის მიზნით, 2019-2020 წლებშიც უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება, რაც მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა თუ პროგრამების შემუშავებასა და მონიტორინგში პარლამენტის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური