GE

მიზეზები, რის გამოც ოთხ უნივერსიტეტს, ერთ აკადემიას და კოლეჯს პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება გაუუქმდათ

ერთ პროფესიულ კოლეჯს – ავტორიზაცია, ხოლო ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ერთ აკადემიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება გაუუქმდა – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

EDU.ARIS.GE-მ დოკუმენტები შეისწავლა და როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმშია აღნიშნული, ყველა ამ სასწავლო დაწესებულებამ, ავტორიზაციისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ საბჭოს თავად მიმართა.

ავტორიზაცია გაუუქმდა ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება კი გაუუქმდა – სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას,  სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შპს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემიას და შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას.

სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე დაასახელეს მიზეზები, რის გამოც სურდათ ავტორიცაზიისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების გაუქმება. ძირითადი მიზეზი თითქმის ყველა სასწავლებლისა ის გახლავთ, რომ აღარ ჰყავთ სტუდენტები, რომლებსაც კონკრეტული პროგრამით ასწავლიან. საბჭოს გადაწყვეტილებების მიზეზები საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით ასეთია:

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, რევაზ შარაბიძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს 2022 წლის 7 მარტს მიმართა წერილით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთან შუამდგომლობისათვის. როგორც ოქმში წერია, შარაბიძის წერილში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში 2021 წელს სტუდენტთა მიღება არ განხორციელებულა და არც სამომავლოდ გეგმება, ვინაიდან დაწესებულებას უფლების მოპოვების გზით მინიჭებული აქვს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება და გადაწყვეტილი აქვს ამ მიმართულებით გააგრძელოს საქმიანობა.

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გაუქმება საბჭოს სხდომაზე დაწესებულების წარმომადგენელმა ითხოვა.

„წარმომადგენლის განცხადებით, უნივერსიტეტმა მიიღო დაფიქრებული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე სურს გაიუქმოს პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება და მომავალში ხელახლა მოიპოვებენ ამ უფლებას“, – ნათქვამია სხდომის ოქმში.

შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას ასევე გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, რადგან სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამებზე ისწავლიან, აღარ ჰყავთ.

„უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2018 წელს გაიარეს ავტორიზაცია და მათ ჰყავდათ მილევადი კონტინგენტი საგნობრივ პროგრამებზე, თუმცა ეს კონტინგენტი, როგორც საბჭოსთვის ცნობილი იყო, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეიძლებოდა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად ყოფილიყო ნებისმიერ დაწესებულებაში. ინფორმაციით დასტურდება, რომ ასეთი სტუდენტები უკვე აღარ არსებობენ ამ დაწესებულებებში, მათ არც მოდულური პროგრამები არ დაუმატებიათ ამ პერიოდის განმავლობაში… უნივერსიტეტმა მიიღო დაფიქრებული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე სურს გაიუქმოს პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება და მომავალში ხელახლა მოიპოვებდნენ ამ უფლებას“, – აღნიშნულია ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში.

შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ახორციელებდა 4 პროფესიულ პროგრამას. შემდეგ მილევად პროცესში აღმოჩნდა პროგრამები და ახალი მოდულების გადმოგზავნა ვერ მოახერხა დაწესებულებამ, შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საბჭოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში ასევე წერია, რომ სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის ოქტომბერში მინიჭებული ორი საგნობრივი პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლებით აკადემიამ ისარგებლა 2018-2019 სასწავლო წელს და მილევად რეჟიმში ორივე პროგრამის სტუდენტებს დაასრულებინა სწავლა. ამის შემდეგ კი აღარ განუხორციელებია სტუდენტების მიღება. ამჟამად აკადემია მუშაობს ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებაზე, თუმცა მათი განხორციელების ვადები დამოკიდებულია აკადემიის სასწავლო კორპუსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის დასრულებაზე.

აკადემიამ პროფესიული საგნობრივი პროგრამების არსებობის სამართლებრივი ვადების ამოწურვის გამო წარმოადგინა შუამდგომლობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს წინაშე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილებაზე უარის თქმის შესახებ.

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან ახორციელებდა პროფესიულ საგანმანათლებლო სამ პროგრამას, რომლებიც ჩარჩო დოკუმენტით იყო განსაზღვრული. სასწავლებლის წარმომადგენელმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ.

შპს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემია ახორციელებდა პროგრამებს, რომლებიც მხოლოდ პროფესიულ სტანდარტზე იყო დაფუძნებული. ამჯერად კი მისმა წარმომადგენელმა სხდომაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ მიმართა, რის შედეგადაც აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება

ასევე იხილეთ:

რომელ უნივერსიტეტებს გაუუქმდათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – საბჭოს გადაწყვეტილებები

ინჟინრები და მშენებლები ყველაზე დიდი რაოდენობით გვეყოლება, იურისტობა და ექიმობა კი ყველაზე ცოტამ აირჩია – პროფესიული განათლება ციფრებში 2021 წელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური