GE

მიზეზები, თუ რატომ უნდა ვიყოთ დადებითად განწყობილი „მომავლის სწავლებისადმი“ ახლა და შემდეგ

ლოიოლას უნივერსიტეტის, მერილენდის საგანმანათლებლო სკოლის (Loyola University Maryland School of Education) „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების“ პროგრამის ხელმძღვანელმა კელი კაენმა EdSurge-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საგანმანათლებლო სისტემაში მოსალოდნელ და უკვე მომხდარ ცვლილებებზე გვესაუბრება. ავტორი წერს საკუთარ შეხედულებებსა და ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებზე და ცდილობს ახსნას, თუ რა სარგებელი და ცოდნა მიიღეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების დროს. მას მაგალითად მოჰყავს სხვა პედაგოგების, კოლეგების მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები მეტად მობილიზებული და დამოუკიდებლები გახდნენ.
კელი კაენი გვარწმუნებს, რომ სირთულეების მიუხედავად, ცვლილებები დადებითია და დადებითადვე უნდა ვიყოთ განწყობილნი მომავლის სწავლებისადმი.

„ყველასათვის ცნობილია, რომ გასული 2020 წლის მანძილზე შეუძლებელი იყო წინასწარ არათუ კვირების, დღეების განჭვრეტაც კი. მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია მაშინ, როდესაც აწმყო ქაოტურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე საკლასო ოთახებს ეხება“, – წერს ავტორი.

სასწავლო პროცესის მკვეთრი ცვლა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა ახალი შესაძლებლობები. მათი მეშვეობით სწავლების პროცესი შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს.

„მრავალჯერ იმედგაცრუებული მასწავლებლები მაინც ვიკრებდით ძალებს და ვატარებდით გაკვეთილს მოსწავლეების წინაშე ეკრანს მიღმა. მართალია, სრულყოფილად ვერ ავხსენით ყველა მათემატიკური კანონზომიერება და ვერ გადმოვეცით ყველა ისტორიული ფაქტი ისე, როგორც ამას საკლასო სივრცეში მოვახერხებდით, თუმცა ამ წლის მანძილზე ჩვენ არაჩვეულებრივი უნარები გამოვიმუშავეთ“, – ამბობს კელი კაენი პედაგოგების სახელით.

ავტორი ესაუბრა საკუთარ კოლეგებსა და პრაქტიკანტ მასწავლებლებს და შედეგად, ერთი რამ გახდა ცხადი – კორონავირუსი მთელი საგანმანათლებლო სისტემის გადაფასების წინაპირობად იქცა. კელი ამბობს, რომ ცხოვრების ძველი წესის დაბრუნებასთან ერთად, სისტემის გაუმჯობესების იდეა რეალობად უნდა იქცეს. მისი თქმით, საგანმანათლებლო სისტემა უბრალოდ პანდემიამდელ სახეს არ უნდა დაუბრუნდეს, არამედ უნდა გადაფასდეს და გაუმჯობესდეს.

ავტორი აყალიბებს კონკრეტულ პუნქტებს, სამ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა იყოს საზოგადოება „მომავლის სწავლებისადმი“ დადებითად განწყობილი:

1.კარგი ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ.

პანდემიამ გააქარწყლა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია მხოლოდ საკლასო ოთახშია შესაძლებელი. კოვიდმა ყველა სტუდენტი აზიარა მათთვის ადრე უცნობ შესაძლებლობებს. „Nearpod” და „Pear Deck“ დისტანციური სწავლების მანძილზე ცდილობდნენ მოსწავლეებისთვის კომუნიკაცია გაეადვილებინათ (რომ ურთიერთობა ან მასალების გაცვლა შესძლებოდათ ისე, როგორც საკლასო ოთახში). მოსწავლეები არ უნდა ისხდნენ ეკრანთან გაუნძრევლად და საათობით ისმენდნენ. გაკვეთილები ინტერაქტიული უნდა იყოს და ისინი უნდა ერთვებოდნენ სწავლების პროცესში. მთელი ჯგუფი უნდა პასუხობდეს შეკითხვებს, აფიქსირებდეს საკუთარ შეხედულებებს, თუნდაც, ხატავდეს სლაიდზე, ან თამაშობდეს ინტერაქტიულ თამაშს. როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, ონლაინ მეცადინეობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლემ იგრძნოს, რომ მას აფასებენ და ყურადღებას აქცევენ.

შედეგად, თუ პანდემიამდე ონლაინ სწავლება მარტივ გამოსავლად ითვლებოდა, ახლა ამგვარი შეხედულება გაქარწყლდა და მისი გამოყენება სრულიად დასაშვები გახდა. მე არ გამოვრიცხავ პირისპირ ურთიერთობების მნიშვნელობას, რასაც ონლაინ სწავლა ვერ ჩაანაცვლებს.

2.ყალიბდება დამოუკიდებელი „თვითნასწავლი“ მოსწავლეების ახალი თაობა.

მასწავლებლები იმაზე მეტს აკეთებენ, რაც ევალებათ, რადგან ეს უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი. თუკი მოსწავლე რაიმე თემას ჩამორჩება, მასწავლებლები მაშინვე წინა მასალას უბრუნდებიან. კელის აზრით, ეს არასწორია. იგი წერს: მოსწავლეებს უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავად იმუშაონ საკუთარ გამოწვევებზე და თავად შეინარჩუნონ წონასწორობა. მას შემდეგ, რაც საკლასო ოთახებს მოვწყდით, მოსწავლეები იძულებულნი გახდნენ თავად ადაპტირებულიყვნენ. შედეგად, ისინი საკუთარ თავებზე გახდნენ დამოკიდებულები.

ლოიოლას უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი პატრიკ მიტონი კი აღნიშნავს: „ჩემ წინ უფრო ძლიერ მოსწავლეებს ვხედავ. ისინი სვამენ შინაარსობრივ კითხვებს, არ ნებდებიან პირველივე „გასაჭირის“ დროს. მართალია, მენატრება პირისპირ სწავლება, მაგრამ ამ ვირტუალურმა სწავლებამ მოსწავლეები განავითარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ონლაინ სწავლება“.

კელი წერს იმაზეც, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი სამომავლო პერსპექტივაში. როგორც ის ამბობს, ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, ხუთდღიანი სწავლების ნაცვლად, უმჯობესია ნახევრად დისტანციური სწავლების შემოღება. სკოლაში მხოლოდ რამდენიმე დღით სიარული. ასეთი სწავლების დროს, მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას, განვითარდებიან სკოლის შიგნით და მის გარეთაც.

3.მშობლები, როგორც დამცველები და მოკავშირეები.

„პანდემიამ დაგვარწმუნა, რომ სიტუაციის მიუხედავად, მასწავლებელი ყოველთვის შეეწყობა მოსწავლის საჭიროებებს. იგივე ითქმის მშობლებზეც. მშობლები აღარ დგანან განზე. ბევრ მათგანს ჩვენთან უწყვეტი კავშირი აქვს – აჟღერებენ შვილების პრობლემებს, სვამენ კითხვებს, მხარს უჭერენ შვილებს და მასწავლებლებსაც კი გვეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში – მაშინაც კი, თუ მათ საკუთარი სამუშაო დასრულებული არ აქვთ“.

კელი იმედოვნებს, რომ მშობლებისგან ეს მხარდაჭერა პანდემიის შემდგომაც შენარჩუნდება, რადგან ეს დადებითად აისახება ყველა ბავშვზე (განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის წევრ ბავშვებზე). იგი აცხადებს, რომ მშობლების ჩართულობა შესაძლოა გასცდეს უბრალო უკუკავშირს მასწავლებელსა და მშობელს შორის. მშობლებთან შესაძლოა, სასწავლო მასალები და წლიური სილაბუსიც განიხილონ, რაც კელის თქმით, მშობელს მეტ რესურსს მისცემს იმისათვის, რომ საკუთარ შვილს დაეხმაროს.

პანდემიის გამო, სწავლა-სწავლების პროცესს ბევრი აღმასვლა და დაცემა ჰქონდა, როგორც კელისთვის ისე დანარჩენებისთვის, მაგრამ სიძნელეებთან გამკლავების პროცესში შეიქმნა წარმატებული ონლაინ სივრცე.

„როდესაც უკან, 2020 წელში ვიყურები, გასაჭირს ვხედავ. და, როდესაც 2021 წლის იქით, წინ ვიყურები, იმედს და შესაძლებლობებს ვხედავ. იმედი მაქვს, გასულ წელს მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს და სამყაროს უკეთესი მომავალი შევუქმნათ“, – აცხადებს სტატიის დასასრულს კელი კაენი.

რა ელის მსოფლიო განათლებას COVID-19-ის პანდემიის შემდეგ?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური