GE

მობილური ტელეფონი სკოლაში – ქაოსი გაკვეთილზე, თუ ტექნოლოგიებთან დაახლოება – როგორია ქართველი პედაგოგების გამოცდილება

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია და რა გასაკვირია, რომ ის განათლების სისტემაშიც ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს. ელექტრონული სწავლება ტრადიციული განათლების შემავსებელ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად განიხილება.

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში „ციფრული წიგნიერება“ ვკითხულობთ: „ციფრული წიგნიერება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობაა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად გამოყენებას გულისხმობს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი საგნების სწავლება მათ შორის ინტეგრაციით არის მოაზრებული. თუ თითოეული საგანი მოსწავლეებს სპეციფიკურ ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებას უვითარებს, ინტეგრაციის დანიშნულება იმ ზოგადი უნარების გამოკვეთაა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს“.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, მიმართავენ თუ არა ინტეგრირებულ სწავლებას ქართველი პედაგოგები, იყენებენ თუ არა გაკვეთილზე სმარტფონებს და რამდენად ხშირად აძლევენ მოსწავლეებს დავალებებს ელექტრონულად.

როგორც აღმოჩნდა, სკოლების დიდ ნაწილში, შინაგანაწესის მიხედვით, ბავშვებს გაკვეთილზე მობილურის გამოყენება და ზოგჯერ სკოლაში შეტანაც ეკრძალებათ. სკოლის ადმინისტრაცია ან საგნის პედაგოგი მათ გაკვეთილების (გაკვეთილის) მსვლელობის დროს ყუთში ინახავს. სკოლების პოზიციას იზიარებენ EDU.ARIS.GE– მიერ გამოკითხული მშობლები და აღნიშნავენ, რომ გაკვეთილზე მობილური ტელეფონი მხოლოდ ხელის შემშლელია.

„ჩვენს სკოლაში ტელეფონის გამოყენება აკრძალულია. ვისაც თან აქვს, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში შეუძლია დარეკოს და ამისთვისაც შენობაში სპეციალური ადგილებია. ეს სწორი ფორმაა, რადგან მობილურების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესი ჩაიშლება“, – ამბობს მშობელი ლელა მარდალეიშვილი.

„ჩვენს სკოლაში დამრიგებელს ყუთი აქვს, სადაც დილით ბავშვები მობილურებს ინახავენ. გაკვეთილების მერე კი იღებენ და შინ მოდიან, სკოლის გადაწყვეტილება მესმის. წარმოიდგინეთ, გაკვეთილებზე ყველას მობილურმა რომ დარეკოს, ან ბავშვებმა თამაში და ვიდეოების გადაღება დაიწყონ (რაც მოსალოდნელია დაშვების შემთხვევაში), რა მოხდება გაკვეთილებზე. ეს სასწავლო პროცესს ფაქტობრივად, ჩაშლის. კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ბავშვებს გაკვეთილზე არაფერში სჭირდებათ მობილური, არც რომელიმე მასწავლებელს დაუვალებია  დავალებების ელექტრონულად შესრულება. ამას ვერც მოითხოვენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზოგიერთს ძალიან უბრალო მობილური აქვს, უბრალოდ ზარის განსახორციელებლად“, – ამბობს მშობელი ეკატერინე ცომაია.

„ჩემი შვილი მესამე კლასშია, სკოლის დაწყების დღიდან ვიხვეწები  აკრძალონ სკოლაში მობილურის ტარება, თუმცა ჩვენს სკოლას მსგავსი რეგულაცია არ აქვს. რა საჭიროა, თუ რამეა, დამრიგებელს დავურეკავ. იმის მაგივრად, რომ დასვენებაზე გონებრივად დაისვენონ და ერთმანეთთან იურთიერთონ, მობილურში არიან ჩამძვრალები და უაზრო თამაშებს თამაშობენ.  ბავშვები გაკვეთილზე კი ინახავენ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებლები იზრუნებენ ამაზე. საგაკვეთილო პროცესში მობილური არ სჭირდებათ, ეს მხოლოდ პრობლემის შემქმნელი იქნება“,- ამბობს მშობელი თათა შუბლაძე.

ამ მოსაზრებას პედაგოგთა ნაწილიც იზიარებს. პირად საუბრებში ისინი ამბობენ, რომ  გაკვეთილზე სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს მობილურებს ართმევენ:

„ძირითად ნაწილს  სკოლაში მობილური აღარ დაარქვს, ვისაც აქვს, გაკვეთილის დაწყებამდე ვართმევთ და დამთავრებისას ვუბრუნებთ. თხოვნას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებენ“, – აღნიშნავს პედაგოგი.

ქიმიის პედაგოგი ირმა კაკუშაძე კი საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს, რომ გაკვეთილზე მოსწავლის უყურადღებობა მობილურის ბრალი სულაც არაა და  მიზეზი გაკვეთილის არასწორად დაგეგმვაში უნდა ვეძებოთ. ის იმ პედაგოგების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიას გაკვეთილზეც იყენებენ და მოსწავლეებს დავალებების ნაწილს ელექტრონულადაც აძლევენ:

„სინამდვილეში, გაკვეთილზე უყურადღებობა მობილურის „დამსახურება“ სულაც არაა, შესაძლოა, ბავშვს არ ჰქონდეს მობილური, მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ჩართული არ იყოს, რაც არასწორად დაგეგმილი და უინტერესო გაკვეთილის ბრალია. ტელეფონების ჩამორთმევაზე დროს არ ვკარგავ, პირიქით, გაკვეთილზე ძალიან ხშირად ვიყენებთ მას. განსაკუთრებით საატესტატო გამოცდების წინ, როცა  ფურცლის მაგივრად ტელეფონებს ვიყენებთ. ტესტები წინა დღეებში მაქვს გაგზავნილი და გაკვეთილზე ერთად ვარჩევთ. აქტიურად ვიყენებ EDMODO-ს,  რომელსაც აქვს აპლიკაცია. თუ უნდა გამოვიყენოთ ისტ ტექნოლოგიები, პლანშეტები, რატომაც არა ტელეფონი…“, – აღნიშნავს კაკუშაძე.

გაკვეთილზე „ანდროიდებს“ აქტიურად იყენებს პედაგოგი ანი ჩიტაძეც, რომელიც EDU.ARIS.GE-ს მკითხველს მოსწავლეების რჩეულ აპლიკაციას აცნობს:

„მასწავლებელმა სახალისო და მრავალფეროვანი გაკვეთილების წარმართვისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. მობილური ტელეფონების გაკვეთილზე გამოყენება სიახლეების დანერგვისა და წინსვლის წინაპირობაა. ეს ინოვაციური და საინტერესოა, როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვისაც. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი აპლიკაციაა “Plickers”. ეს აპლიკაცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ ჯგუფური სამუშაოების დროს, როცა ყველა მოსწავლეს „ანდროიდი“ არ აქვს“, – ამბობს ანი ჩიტაძე.

გაკვეთილზე მობილურების გამოყენება სცადა ინგლისურის კიდევ ერთმა პედაგოგმა ნათია გეგუჩაძემაც, თუმცა ეს მცდელობა არეულობით დასრულდა:
„მოსწავლეს გაკვეთილების პერიოდში მშობელთან კომუნიკაცია სჭირდება, ამიტომ არაა აუცილებელი , ბავშვებს მობილურის ტარება ავუკრძალოთ, თუმცა ეს გარკვეული რეგულაციების გატარებას მოითხოვს. მოსწავლეს გაკვეთილზე მისი დაუკითხავად გამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგჯერ საგაკვეთილო პროცესშიც საჭიროა. მაგალითად, პროექტებზე მუშაობისას, კედლის გაზეთისთვის ინფორმაციის ინტერნეტში მოსაძიებლად და ა.შ. ერთხელ ონლაინ-ლექსიკონის გამოყენებაც ვცადე, თუმცა გაკვეთილზე ქაოსი გამოიწვია და აპლიკაციების გამოყენებისგანაც თავს ვიკავებ“, – ამბობს ნათია გეგუჩაძე

მობილური აპლიკაციის, „kahoot“-ის შესახებ გვესაუბრა ინგლისურის პედაგოგი ნინო ბოჭორიშვილი, თუმცა მას სკოლაში ამ აპლიკაციის გამოყენება არ უცდია, რადგან ბავშვებს გაკვეთილზე მობილურის შეტანა ეკრძალებათ:

„ბავშვებს სკოლაში შემოსვლისთანავე მენეჯერი მობილურებს ართმევს და ყუთში ინახავს. ასე რომ, საგაკვეთილო პროცესში მობილური ხელს არ გვიშლის, თუმცა შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მისი გამოყენება სასარგებლო მიზნებითაც შეგვიძლია.  მაგალითად, არსებობს მობილური აპლიკაცია kahoot, რომლის მეშვეობითაც პედაგოგს მოსწავლეების ცოდნისა და სისხარტის შეფასება შეუძლია.

პირველ რიგში, პედაგოგი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე kahoot.com, შეადგინოს მისთვის სასურველი კითხვები. ბავშვებს გადმოაწერინოს აპლიკაცია და პედაგოგი მიანიჭებს მათ კოდებს. მოსწავლეებს გაეგზავნებათ მასწავლებლის მიერ შედგენილი ტესტი. პედაგოგს მისდის ინფორმაცია და  აკონტროლებს, ვინ უფრო სწორად და სწრაფად პასუხობს კითხვებს. ეს მოსახერხებელიცაა და ბავშვებისთვის საინტერესოც“, – ამბობს ინგლისურის პედაგოგი ნინო ბოჭორიშვილი.

პედაგოგი ანა კვარაცხელია მცირეწლოვანებს გაკვეთილზე მობილურებს ართმევს, მაღალკლასელებს კი საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტს თავადვე უზიარებს:

„პატარებს აქვთ მობილურები, მაგრამ სასწავლო პროცესში მასწავლებლის ნებართვის გარეშე გამოყენება შინა განაწესით ეკრძალებათ, ხშირია ხელის შეშლის შემთხვევები, ამიტომ, ჩემი გაკვეთილის დაწყებამდე ვაფრთხილებ, რომ მაგიდაზე დაალაგონ და შესვენებაზე აიღონ, ასეც იქცევიან. თუ ვინმე გამოიყენებს უნებართვოდ, ჩამოვართმევ და მშობელს გადავცემ, იქამდე კი ვინახავ.

მაღალ კლასებში მოსწავლეებს ვაძლევ უფლებას, დაეხმარონ მობილურები ჯგუფური მუშაობის დროს, როცა მოსაძიებელი აქვთ ინფორმაცია, ან პრეზენტაციისთვის მასალა სჭირდებათ, ლექსიკონი… ყოფილა შემთხვევები ინტერნეტი თავადვე გამიზიარებია მოსწავლეებისთვის“, – ამბობს პედაგოგი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

მარიამ ელიაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი