GE

მოკლევადიან პროფესიულ კურსებზე მიღება ტესტირების გარეშე განხორციელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ახლო მომავალში აპირებს მოკლევადიან კურსებზე მიღებაც გამოაცხადოს, სადაც, დაინტერესებულ პირს გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მოქალქეებს შესთავაზებენ დარეგისტრირდნენ კურსებზე, სადაც კონკრეტულ სპეციალობებს 3-6 თვეში შეასწავლიან და დაასაქმებენ კიდეც.

„პირველად საქართველოში, იწყება ზრდასრულთა ფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება. რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებისთვის უფლების მოპოვების შესახებ. აღსანიშნავია რომ ამ სერვისის მიწოდებაში, სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, კერძო კომპანიებს/დამსაქმებლებს მოუწოდებს რომ ჩაერთონ და სახელმწიფოს დაფინანსებით, საქართველოს მოსახლეობას, შესთავაზონ პროფესიული უნარების განმავითარებელი მოკლევადიანი პრაქტიკული კურსები. მათი დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს“, – აცხადებს ირინე წეროძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში საქართველოში არსებული მსხვილი სამშენებლო კომპანიები არიან ჩართულები და რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მოგვიანებით კი სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სფეროებსაც მოიცავს.

„მსმენელის შერჩევაში ჩართული იქნება თავად პროვაიდერი, თუკი ის არის დამსაქმებელი, ის დაადგენს იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია, ან კურსზე დაშვების წინაპირობებს პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, ტესტირება არ იქნება. პირველ ეტაპზე, რაც უკვე გარკვეულია, ეს არის სამშენებლო მიმართულება. ყველა დიდი სამშენებლო კომპანია ჩართულია ამ პროგრამებში აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და თბილისში. ეტაპობრივად მოხდება გაფართოება და ეს შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ტურიზმის სფეროებს. სწავლების სტანდარტი უფლების მოპოვების წესშია გაწერილი, შესაბამისად, ეს სტანდარტები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, როგორც კერძო კომპანიების, ასევე კოლეჯების მხრიდან, რომლებიც ამ კურსებს განახორციელებენ. იდენტიფიცირებული კომპანიების მონაცემებით, სამშენებლო მიმართულებით 450-მდე თავისუფალი ადგილია, რაც შეეხება შემდგომ ზრდას, ჩვენ გვაქვს საშუალება წელს მივიღოთ 3000-მდე მსმენელი, თუმცა ეს ეხება არამხოლოდ მშენებლობას, არამედ სხვა მოთხოვნად სფეროებსაც, სადაც არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი“,-განმარტავს ირინე წეროძე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური