GE

მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად ცენტრალიზებული ტესტირება არ ჩატარდება

ზრდასრულთა  მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე პირველ ეტაპზე 400-მდე მსურველს მიიღებენ. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე წეროძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა პროფესიაზე იქნება დამოკიდებული და თვენახევრიდან სამ თვემდე გაგრძელდება. განსხვავებული იქნება პროგრამებზე მოხვედრის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს ცენტრალიზებული ტესტირების გავლა არ მოუწევთ. კოლეჯები და დაწესებულებები,რომლებიც განახორციელებენ აღნიშნულ პროგრამებს, თავად გადაწყვეტენ ტესტირებით მიიღონ აპლიკანტები, თუ გასაუბრების საფუძველზე. სასწავლო პროგრამაზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტის ასაკობრივი ზღვარიც.

“პირველ ეტაპზე სამინისტრო დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებით შესთავაზებს. პროგრამების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ. მომზადება-გადამზადების სპეციალური პროგრამები, ფორმალური პროფესიული განათლების ნაწილი გახდა. დამსაქმებლის მოთხოვნის მიხედვით დგება სასწავლო პროგრამები, შესაბამისად დასაქმების შანსები უფრო მაღალია. ჯამში მოკლევადიან კურსებზე 3000-მდე მსურველს ველოდებით, ორი კვირის შემდეგ პროვაიდერი კოლეჯები ტურიზმის სპეციალობებზე გამოაცხადებენ მიღებას და ასე მოხდება ეტაპობრივად სხვადასხვა პროგრამების დამატება”, – განაცხადა ირინე წეროძემ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და  პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.vet.emis.ge. ახალი პროგრამებისა და მათზე რეგისტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი