GE

მოკლევადიანი მინისტრობის პრობლემა – „ამ პირობებში აღარც გრძელვადიანი ხედვისა თუ გეგმის წარმოდგენას აქვს აზრი“

დაბალი მოტივაცია, ფუჭად დახარჯული რესურსი, არასტაბილურობა, სფეროში მომუშავე ადამიანების დაბნეულობა, კიდევ ერთხელ დაზარალებული საგანმანათლებლო სისტემა – ამ და კიდევ სხვა მრავალ პრობლემურ შედეგს იწვევს განათლების მინისტრების სწრაფი ცვლა, რაც ქართული რეალობის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.

საქართველოს, ისტორიის განმავლობაში, 34-ე განათლების მინისტრი ჰყავს. ხოლო 2000 წლიდან მოყოლებული, მიხეილ ჩხენკელი მეთერთმეტეა, ვინც ეს პოსტი დაიკავა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში თითოეული მინისტრი ამ თანამდებობაზე საშუალოდ 1,7 წლის განმავლობაში იყო.

დეტალებში კიდევ უფრო მეტად თუ ჩავალთ, აღმოვაჩენთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩხენკელი უკვე განათლების მეოთხე მინისტრია გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძისა და ალექსანდრე ჯეჯელავას შემდეგ. „ოცნება“  5 წელია ხელისუფლებაშია. შესაბამისად, გამოდის, რომ  „ოცნების“ მინისტრებს დაახლოებით 1,2 წელი ჰქონდათ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

უცხო არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს პერიოდი რომელიმე დარგში და მითუმეტეს განათლების სფეროში, სასიკეთო ნაბიჯების გადასადგმელად და დასახული მიზნების მისაღწევად, ძალიან ცოტაა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენში აპრობირებულ პრაქტიკასაც – როცა ყოველი ახალი თანამდებობის პირი ხაზს უსვამს ყველაფერს, რაც მის მოსვლამდე ყოფილა და ყველაფერს ახალი ფურცლიდან იწყებს.

ამაზე სულ რაღაც ერთი წლის წინ თავად განათლების უკვე ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც საუბრობდა და აცხადებდა, რომ ამ პოსტზე დანიშნულ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი დრო სჭირდებოდა.

ექსპერტები და პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ამგვარი სწრაფი ცვლილებები არა მხოლოდ განათლების სფეროში ჩართული ადამიანებს უქვეითებს მოტივაციას, არამედ მთლიანად სისტემას აზარალებს, რადგან იგი მთავარი, ძირეული საკითხების მოგვარებაზე არაა ორიენტირებული და მხოლოდ ლოკალური პრობლემების გადაჭრაზე „მუშაობს“, რასაც ნაკლები დრო სჭირდება და შედეგიც მალევე ჩანს.

მათი თქმით, არც ერთი მინისტრი არ დაიწყებს ისეთ საქმეს, რომლის ეფექტიც თვალსაჩინო 10 წელიწადში იქნება, რადგან  ზუსტად იციან, რომ 10 წელიწადში მინისტრი სხვა იქნება. შესაბამისად, არ აქვთ დაინტერესება საკუთარი დრო და რესურსი იმ საქმეზე დახარჯონ, რომლის შედეგითაც საზოგადოებას თავს სხვა მოაწონებს. ამის ნაცვლად, მინისტრები ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლის შედეგიც, მართალია, უფრო მოკრძალებული იქნება, მაგრამ სამაგიეროდ   მისი საკუთარ მიღწევად წარმოჩენა მალევე იქნება შესაძლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა მიიჩნევს, რომ განათლება ესაა სფერო, სადაც სწრაფი  ცვლილებები და გეგმების  ხშირი  გადალაგება კარგს არაფერს მოიტანს. მიაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კურსი, საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელსაც მთავრობის და, მითუმეტეს, მინისტრების ცვლილება ვერ შეცვლის. მისი აზრით, ეს უნდა იყოს ქვეყნის გზა და არა რომელიმე პოლიტიკოსის. ანუ,  მინისტრი კი არ უნდა ირგებდეს განათლების პოლიტიკას, არამედ თავად უნდა ერგებოდეს უკვე შემუშავებულ ხედვას.

„ერთი სფერო მაინც იყოს ისეთი, რომელის განვითარებაც დიდი შრომის, პოლემიკის, დებატების მიხედვით დაიგეგმება. არის ქვეყნები, სადაც ასეთი ხედვები შემუშავებულია და ხელისუფლებები ერთსულოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ანუ, თუ ერთი პოლიტიკური პარტია წააგებს და მეორე მოვა, განათლების სისტემა ძირფესვიანად არ იცვლება. სულ სხვა რელსებზე არ გადადის.

„მე, ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, რომ დასხდნენ და იმსჯელონ თუ  როგორი უნდა იყოს კურსი ამ ერთ სფეროში მაინც. ამდენი ცვლილებები არასტაბილურობის განცდას იწვევს. სხვადასხვა განცხადებების გამო მინისტრები ასე უცებ შევცვალოთ, ცოტა გაუგებარია. ნამდვილად არასტაბილურობის განცდა მაქვს. ყოველ წუთას ცვლილებებს ველოდებით და ეს ცუდია.

„სიახლე ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად სისტემაში მინისტრთან ერთად  ბევრი სხვა რამეც იცვლება. თუკი ამ მინისტრმაც ვერაფერი შეცვალა, სხვას მოითხოვენ, ანუ, ეს დარგი ექსპერიმენტების დარგად გადაიქცა და შედეგიც სახეზე გვაქვს. ვფიქრობ, რომ მეტი სტაბილურობა გვჭირდება, თუკი გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს,“ – ამბობს აფხაზავა და დასძენს, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუკი ყოველი ახალი მინისტრი ძველის მიერ წამოწყებულ საქმეებს გააგრძელებს.

ერთიანი ხედვის შემუშავებაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც და ამბობს, რომ ამის მოხერხება თავისუფლად შეიძლება. იმის მიზეზად კი, რომ ეს დღემდე ვერ მოხერხდა, საყვარელიძე მართვის უცოდინრობას ასახელებს.

განათლების სფეროში ასეთი არასტაბილურობა, მისი აზრით, შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მეტიც, ამბობს, რომ შედეგი ამან უკვე გამოიღო, რომელსაც ჩვენ წლების შემდეგ ვნახავთ.

მისი თქმით, განათლების სფეროში კარგიც და ცუდი ნაბიჯებიც ნაყოფს 25 წლის შემდეგ იძლევა. დღევანდელი შეცდომების 25 წლის შემდგომი ნაყოფი კი უცოდინარი თაობა იქნება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს.

„თუ მინისტრები არასერიოზულები არიან, მაშინ უნდა ცვალო. თუ გაიხსენებთ, ამ სფეროში არცთუ შთამბეჭდავი ფიგურები იყვნენ მინისტრებად. რა თქმა უნდა, ამ პირობებში აღარც  მინისტრის გრძელვადიანი ხედვისა თუ გეგმის წარმოდგენას აქვს აზრი,“ – ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მუდმივად ეს პრობლემა არ იდგეს, უნდა შემუშავდეს ამა თუ იმ მიმართულებისა და დარგის განვითარების ერთგვარი კონცეფცია, რომელიც შესაძლოა  საპარლამენტო დონეზეც იქნეს განხილული. ზოგადი კონცეფცია დამტკიცდება და მინისტრების ცვლა აღებული გეზის გადახვევას ხელს აღარ შეუწყობს. ანუ, თითოეული ახალი კადრი ვალდებული იქნება, კონცეპტუალურ დონეზე, გაწერილ გეგმას მიჰყვეს.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრების სწრაფი ცვლა კარგი ნამდვილად არაა“ – ასე ეხმაურება თემას განათლების სფეროს სპეციალისტი გიორგი გახელაძე. განათლებისა და მეცნიერების სფერო, ისევე როგორც სოციალური მომსახურების სხვა სფეროები, მისი თქმით, უფრო გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული. იგი, გახელაძის აზრით, მოითხოვს მეტ-ნაკლებად დიდი ეროვნული თანხმობის პოლიტიკას, რომელიც საარჩევნო ციკლზე უფრო ხანგრძლივი იქნება.

სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პოლიტიკა ნებისმიერ სახელისუფლებო ძალას მემკვიდრეობით უნდა გადაეცემოდეს და ის მისი გამტარებელი ხდებოდეს. და განათლების მინისტრიც, მისი თქმით, ჯობია საარჩევნო ციკლის, ანუ 4 წლის განმავლობაში მაინც არ იცვლებოდეს.

„ჩვენთან მინისტრების ხშირმა ცვლამ განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ცვალებადობა მოიტანა. არადა, ეს სისტემა, თავის მოქმედებაში ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე მინისტრების ცვლისა და საარჩევნო ციკლი.

„ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი დარგის ხელმძღვანელს და მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ერთადერთი შესაძლებლობა რჩება, რომ მოკლე ხანში ეფექტური გახდეს – თუკი საზოგადოებაში არის მზაობა და მის პოლიტიკურ გუნდში კი ნება, რადიკალური ცვლილებებისა. როცა რეფორმა მომწიფებულია, მაშინ შესაძლებელია რომ მოკლევადიანმა მინისტრმა, თავისი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი მზაობის პირობებში, მოკლე ხანში სწრაფ რეფორმებს ჩაუყაროს საფუძველი და მისი ეფექტიანობა ამით გამოიხატოს.

„თუმცა, ამას აზრი მაშინ აქვს, თუ განათლების პოლიტიკა და ზოგადად, განათლებისადმი მიდგომა მდგრადი და თანმიმდევრული იქნება. ანუ, შესაძლოა ადამიანმა  გაატაროს სწრაფი რეფორმები, როცა ეს მოთხოვნადი და მხარდაჭერილია, მაგრამ ამ რეფორმების გაგრძელება სასურველი უნდა იყოს თავად საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის. ასეთი „ფანჯარა“ არის ხოლმე ნებისმიერი და მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვისაც – როცა შეიძლება მოკლევადიანმა თანამდებობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღოს.  მინდა გითხრათ, რომ ახლა ასეთი პერიოდია, მაგრამ სამწუხაროდ, წინა მინისტრმა ეს ვერ გამოიყენა. თუმცა მას ეს შეეძლო. იმედია ახალი მინისტრი გამოიყენებს,“ – აცხადებს იგი.

რაც შეეხება იმ მიმართულებებს, სადაც რეფორმების გასატარებლად ახლა შესაფერისი პერიოდია, გახელაძე ამბობს, რომ ეს ეხება უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემას,  უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემას, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ეროვნული სასწავლო გეგმის ლიბერალიზაციასა და მართვის დეცენტრალიცაზიას.

ეს, სპეციალისტის თქმით, ის საკითხებია, რომლის მიმართაც როგორც საზოგადოებრივი აზრი, ისე სახელისუფლებო გუნდის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. ანუ, ყველა თანხმდება, რომ ზემოთჩამოთვლილ სფეროებში ცვლილებები საჭიროა. ახლა კი, მისივე აზრით, ჯერი მინისტრზეა – თუ რამდენად გონივრულ ცვლილებებს შესთავაზებს საზოგადოებასა და საკუთარ გუნდს.

„განათლების მთელი სამინისტრო გასაცხრილია, ყველგან ყალბია სწავლა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური