GE

მოლითის საჯარო სკოლა, კორონავირუსის მიზეზით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. როგორც სკოლის დირექტორმა, როლანდ ცუცქირიძემ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, დასწრებითი ფორმატიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, სკოლაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა გახდა.

ცუცქირიძის თქმით, COVID-19 სკოლის თანამშრომელსა და რამდენიმე პედაგოგის ოჯახის წევრს დაუდასტურდათ.

„სულ რაღაც 9 დღეა, რაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, მანამდე ორი კვირის განმავლობაში ასევე, დისტანციურად მიმდინარეობდა სწავლა-სწავლება. რამდენიმე პედაგოგის ოჯახის წევრს და ასევე, სკოლის თანამშრომელს – მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდათ კორონავირუსი. თანამშრომელი, რომელსაც მოსწავლეები რამდენიმე ახლომდებარე სოფლიდან სკოლაში მოჰყავს, ვირუსის დადასტურებამდე, რამდენიმე დღე იზოლაციაში იყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა ნაწილობრივ, არამედ სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავსულიყავით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს როლანდ ცუცქირიძემ.

დირექტორის თქმით, მოლითის საჯარო სკოლა საკლასო ოთახებში სწავლას, სავარაუდოდ, 6 დეკემბერს განაახლებს.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, მდგომარეობა დახურული სკოლებისა და კლასების მიმართულებით საგანგაშო არ არის.

გარდა ამისა, მკვეთრად დაკლებულია ნოემბერში დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა სექტემბერსა და ოქტომბერთან შედარებით. თვის ბოლო კვირაში, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილით, 5 542 მოსწავლე დარეგისტრირდა. იმ მოსწავლეთა რაოდენობა კი, ვინც ტრადიციულ ხუთშაბათ დღეს, სპეციალურ სისტემაში ონლაინ სწავლების გაუქმების სურვილით დარეგისტრირდა 4 917-ს შეადგენს.

STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი 4 534-ს ადამიანს დაუდასტურდა, 3 742 გამოჯანმრთელდა, 74 კი, გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 756, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 538, PCR ტესტით – 21 218. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%. სულ აცრილია – 2 133 935 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი, 10 194-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ:

ნოემბრის ბოლო კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 542-მა მოსწავლემ გამოთქვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური