GE

მომავალი მაგისტრების დაფინანსების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს – შეიცვლება თუ არა გამოცდის ფორმა?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის განცხადებით, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდები უცვლელი ფორმატით ჩატარდება, თუმცა ისინი მზად არიან ცვლილებებზე იმსჯელონ.

გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, მიმდინარეობს მომავალი მაგისტრების დაფინანსების მოდელზე მსჯელობაც.

„მაგისტრობის მსურველებთან მიმართებაში წელს არაფერი არ იცვლება, ისინი არსებული ფორმით ჩააბარებენ გამოცდებს. მაგისტრანტებისთვის, ამ ეტაპზე, რჩება ყველაფერი ისე, როგორც იყო. თუ იქნება ვინმე დაინტერესებული მხარე, რომ ამ მიმართულებითაც რაიმე შეიცვალოს, ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას. დაფინანსების საკითხიც მაგისტრანტებთან მიმართებაში, ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ორ თვეში დაახლოებით გვეცოდინება ამ საკითხის შესახებაც“, – განაცხადა სოფო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც ეხება გამოსაშვებ გამოცდებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გარდა ამისა, გვინდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ  უცხო ენების სწავლება, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან თბილისსა და რეგიონებს შორის გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები უცხო ენაში მოსწრების საკითხში. ერთ-ერთი საკითხი ისიც იქნება, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისთვის, რომ გავზარდოთ სწავლების დონე უცხო ენებში. კვლევა დაახლოებით ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, ეს იმ კვლევაზეა საუბარი, რომელმაც კიდევ ერთი საფუძველი მოგვცა, რომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაგვეუქმებინა”, – აღნიშნა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

საერთო სამაგისტრო გამოცდა

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური