GE

მომავალი წლიდან სკოლებს სსსმ  მოსწავლეების სწავლების დაფინანსების ახალ მოდელს შევთავაზებთ – მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების სწავლებისთვის დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც მისი თქმით უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე დღესაა.

რამდენიმე დღის წინ, მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა, სადაც ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები და არსებულთან შედარებით გაიზარდა.

საჯარო სკოლებს სსსმ მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებით დაფინანსების ოდენობები შეეცვალათ – თანხები

„დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ ახლა დავასრულეთ ზუსტად ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც არსებობდა ის არ იყო საკმარისი. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან დაფინანსების ახალ მოდელს შევთავაზებთ სკოლებს, რომელიც ცოტა უფრო მრავალფეროვანი იქნება. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან წესი ჯერ დამტკიცებული არ არის. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დაფინანსება მიდის სპეციალისტების დაფინანსებაზე, მიდის იმ საგანმანათლებლო რესურსებზე, რომლებიც მათ სჭირდებათ სასწავლო პროცესის დროს და ყველა იმ საჭიროებაზე, რაც თითოეულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვისაა აუცილებელი. ხელფასებს ზრდაც იგულისხმება და საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტია, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ დასამტკიცებლად, ის იქნება გათვლილი, როგორც ადამიანური რესურსის დაფინანსებაზე, ასევე სხვა მატერიალური თუ ტექნიკური რესურსების შეძენაზე“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური