GE

მონღოლეთის სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნა აიკრძალა

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს მონღოლეთის სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნა აიკრძალა. როიტერის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შიშს იმის თაობაზე, რომ ქვეყნის სწრაფმა ეკონომიკურმა  განვითარებამ მათ მშობლიურ ბუდისტურ ტრადიციებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

გასულ კვირას, განათლების სამინისტროს მიერ ყველა სკოლაში გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მშობლები ჩიოდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის თაობაზე, რომ მათი შვილები ჰელოუინისთვის განკუთვნილი კოსტუმების შეძენას ითხოვდნენ.

შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ ჰელოუინის არ არის ოფიციალურად აღიარებული  დღესასწაული, სწორედ ამიტომ ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება არის აკრძალული.

ჰელოუნი განსაკუთრებული პოპულარობით მონღოლეთის დედაქალაქში, ულან-ბატორიში სარგებლობს.

„ჩვენ სკოლაში არის ინგლისურ ენის შემსწავლელი სპეციალური გაკვეთილები, ჰელოუინს სხვადასხვა ხერხით სწორედ ამიტომ აღვნიშნავდით“, ამბობს გ. ერდენეჩიმეგი, სოციალური მუშაკი, რომელიც ულან-ბატორის უცხო ენების შესწავლაზე ფოკუსირებულ 23-ე სკოლაში მუშაობს.

მისი თქმით, ყველაფერი ბავშვზე არის დამოკიდებული. ზოგი მათგანი შეიძლება იმდენად ღრმად შეიჭრას თავის როლში, რომ უარყოფითი სოციალური შედეგი გამოიწვიოს. მისი ვარაუდით დღესასწაულის აღნიშვნა სწორედ მიტომ აიკრძალა.

1990 წლიდან მოყოლებული მონღოლეთმა ბევრი ცვლილება განიცადა. ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკის მოდერნიზებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის ცდილობს.

მონღოლეთის თანამშრომლობამ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია, კულტურული კავშირების განვითარება გამოიწვია. სწორედ ცვლილებების ასეთმა სწრაფმა ტემპმა ბუდისტური კულტურის უგულებელყოფის საშიშროება წარმოქმნა.

მონღოლეთის დედაქალაქში, სადაც ქვეყნის სამ მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, ჰელოუინის აღნიშვნას მაინც ელოდებიან.

ჰელოუინის (ინგლ. Halloween) — დღესასწაული ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური