GE

მოსალოდნელია მასწავლებლების დეფიციტი – სახელმწიფო აუდიტის გაფრთხილება

„რამდენიმე წელიწადში განათლების სისტემა ზოგადსაგანმანათლებლო კადრების ნაკლებობის წინაშე დადგება“ – პესიმისტური პროგნოზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სასკოლო სისტემაში კადრების მართვის საკითხები შეისწავლა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების თითქმის ნახევარი საპენსიო ასაკს მიღწეული ან ამ ასაკს გადაცილებული სეგმენტია. 60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი (20%) ევროპის საშუალო მაჩვენებლზე (6%) საგრძნობლად მაღალია. საქართველო ასევე გამოირჩევა ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი მაჩვენებლით სისტემაში. 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 7%-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 12%-ს. “- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

20157899_668179556703974_5458320920156307323_o

მასწავლებელთა ასაკობრივი მონაცემები ასე ნაწილდება: 18-30 წლამდე – 7%, 31-40 წლამდე – 20%, 41-50 წლამდე – 27%, 51-60 წლამდე – 25%,  61-70 წლამდე – 17%, 71-95 წლამდე – 4%. მოცემული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სისტემა კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტის წინაშე დადგება.

EDU.ARIS.GE-ს შიდა ქართლიდან მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდა დაუკავშირდა, რომელიც სერტიფიცირებულია, მაგრამ რამდენიმე წელია რაიონის სკოლებში მუშაობის დაწყებას უშედეგოდ ცდილობს.

„სად აღარ მივედი, სოფლის სკოლებშიც ვიყავი. სულ ახლახანს, ერთ-ერთი მასწავლებელი პენსიაში გავიდა. ზუსტად ვიცოდი, სამუშაო ადგილი იყო. დირექტომა მაინც უარით გამომიშვა. მითხრა, საათები დანარჩენ პედაგოგებზე გავანაწილე, სხვისი მიღების უფლება არ მაქვსო. ასეთი მკაცრი პასუხი მომცა. ეს ბოლო შემთხვევა იყო, თავი დავანებე სკოლაში მასწავლებლის ადგილის ძებნას. აზრი არ აქვს, თუ დირექტორის ნათესავი-ნაცნობი-მეგობარი არ ხარ, ადგილს ვერ იშოვი, მითუმეტეს, თუ დამწყები ხარ და გამოცდილება არ გაქვს“, – ამბობს გორის რაიონის მკვიდრი შორენა კ.

სკოლაში პედაგოგების მიღება რომ არასისტემურად, არაერთგვაროვნად ხდება, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაც ადასტურებს.

„ერთი და იმავე საგნის მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება ერთმანეთისგან სკოლების მიხედვით. ნათელია, რომ სკოლების მიერ არ ხდება მინიმალური კრიტერიუმების გათვალისწინება და არ არსებობს ერთიანი მიდგომა, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს ვაკანსიების ფორმირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ხელფასით და სოციალური სტატუსით ახალგაზრდებისთვის მასწავლებლის პროფესია მიმზიდველია. მითუმეტეს რეგიონებში, ახალი კადრები აქტიურად შედიან სკოლებში და იკავებენ სკოლიდან წასული ასაკოვანი პედაგოგების ადგილს. რაც შეეხება ასაკობრივი ზღვარის დაწესებას, განათლების სამინისტროს სსიპი ამ რეგულაციის შემოღებას არ აპირებს.

„ეს არის ბუნებრივი პროცესი, არიან გარკვეული ასაკის ადამიანები რომლებიც ეჭვს არ იწვევს, ჩემი სუბიექტური აზრით, რომ ჯობია სკოლიდან გავიდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად, თემის კულტურის მიზეზით არ მიდიან სკოლიდან და ცდილობენ, შეინარჩუნონ შემოსავალი. ეს ყველაფერი უკავშირდება საპენსიო რეფორმას, სხვა სოციალური დაცვის მექანიზმებს. ჩვენნაირ სახელმწიფოში, სადაც ამ დაფინანსების პირობებში 2 085 სკოლა არის მისახედი, ასაკთან დაკავშირებით რაიმე რეგულიაციის შემოტანა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჯობია ამან გაიაროს იმ პროცესზე, სადაც ახლა ვართ. ანუ სასკოლო საზოგადოებამ საუბარი და აქცენტები უნდა გადავიტანოთ არა ასაკზე ან რაიმე სხვა მექანიკურ კრიტერიუმზე, არამედ მუშაობის ხარისხზე. ახლა მიდის მასწავლებელთა პროფესიული შეფასების პროცესი, ჩვენ ახლა ვსწავლობთ სკოლაში თანამშრომლობას და ერთმანეთისათვის პირში სიმართლის თქმას. მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, სხვა საქმიანობასთან შეთავსებაც რომ შეუძლიათ, ამიტომ ბოლო დროს ახალგაზრდები გააქტიურდნენ და მიდიან სკოლებში სამუშაოდ, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისშიც ასეა, უფრო კერძო სკოლებში შეიმჩნევა ეს ტენდენცია“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორმა,  კახა ჟღენტმა.

როგორ იყვანენ სამსახურში მასწავლებელს? – აუდიტის დასკვნა

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური