GE

მოსკოვში მცხოვრები მოსწავლეები სკოლებში შემდეგი კვირიდან დაბრუნდებიან

რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები მოსწავლეები სკოლებში გახანგრძლივებული საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს დაბრუნდებიან. მათ სატრანსპორტო ბარათებს ბლოკს მოხსნიან და მოსწავლეები შეღავათიანი გადაადგილების უფლებას ისევ მიიღებენ. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში განაცხადა.

მისი თქმით, დისტანციურ სწავლებაზე უარის თქმა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა ,,ბავშვები სახლში ყოფნით დაიღალნენ“. ვინაიდან, მოსწავლეებში დაავადების გავრცელების რისკი მაღალი რჩება, სკოლებმა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები მკაცრად უნდა დაიცვან. ,,იმ შემთხვევაში, თუ დაავადების თუნდაც ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ისევე როგორც პირველ სემესტრში, მთელი კლასი დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა“, – განაცხადა სობიანინმა.

ქალაქში დაწესებული სხვა შეზღუდვები ძალაში 21-იანვრამდე რჩება. აქ არსებული უმაღლესი სასწავლებლები, კოლეჯები და სპორტული სკოლები ამ პერიოდში დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავებენ, ან არდადეგებზე იქნებიან.

უსაფრთხოების ზომების ერთი კვირით გახანგრძლივება სობიანინმა იმით ახსნა, რომ ეპიდემიოლოგების აზრით, უახლოეს დღეებში ,,მოსკოვში არსებული ტენდენცია გაირკვევა“. თუ ეპიდვითარება უარესობისკენ არ წავა და დაავადების დონე სტაბილიზირებას განაგრძობს, მთავრობა ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებას შეძლებს.

სობიანინმა მოსახლეობას სოციალური დისტანციის, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაციის განკარგულება გასცა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: newsru.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური