GE

მოსწავლე: მე ვერ ვერგები ძველებურად მოწყობილ „თანამედროვე“ სკოლას, მე ბევრად მეტი უნარი გამაჩნია

მოსწავლის ბლოგი სპეციალურად EDU.ARIS.GE–სთვის.

“გამარჯობა,

იმედია, წაიკითხავთ და ალბათ, მოსწავლის აზრს ყურადღებას მიაქცევთ… ახლა 16 წლის ვარ და ხშირად ვფიქრობ – 76 წლის რომ ვიქნები, ჩემთვის, მშვიდად, ბუხრის წინ, უკვე მთელი ცხოვრება გამოვლილი ვიჯდები და წარსულს გავიხსენებ, რა მოგონებები ამომიტივტივდება თავში 16 წლის ასაკიდან… ვფიქრობ და აზრად არ მომდის რა საუკეთესო მოგონება შეიძლება დამრჩეს ცხოვრების საუკეთესო წლებიდან…

ცხოვრების მიმართ უმადური არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ახლა იმდენად დაკავებული ვარ რაღაც არა ცხოვრებისეული საგნებით, რომ არც ოჯახისთვის და ნათესავებისთვის მრჩება დრო და არც იმისთვის, რომ ის ვაკეთო, რაც მიყვარს… მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ვარ საკუთარ თავში, თუმცა მე მე არ ვარ. ჯერ სკოლაში ვარ, მერე მასწავლებლებთან, მერე ჩემს ოთახში და ვსწავლობ. დღეს კი მივხვდი, რომ დედა და მამა მომენატრა.

არასოდეს ვყოფილვარ საამაყო მოსწავლე, არასოდეს შევუქივარ მასწავლებლებს, არასოდეს ვეთანხმებოდი გაკვეთილის არც ახსნის მეთოდში და არც შინაარსში, თუმცა ხმას არ ვიღებდი. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმეს სწავლა არ შემძლებია ან არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ გულში ამას განვიცდიდი! არასოდეს არ დავინტერესებულვარ განვლილ 11 წელში არც ერთი გაკვეთილით და რომ იცოდეთ, ჩემი კლასის ფანჯრიდან ისეთი სასიამოვნო ხედი მოჩანს…! ამაზეც ყოველთვის საყვედურს ვიღებდი. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცაში ყურებით უფრო მეტს ვფიქრობდი, კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს და თავადვე ვპასუხობდი… უფრო მეტს ვიგებდი, ვიდრე მასწავლებლის მიერ უკვე დადგენილი და შემდეგ დაზეპირებული ფაქტების ახსნა განმარტებით… ახლა კი ბოდიშს გიხდით, თუ აქ რამდენიმე გრამატიკულ შეცდომას იპოვით, თუმცა, მთავარია, აზრს ვაყალიბებ და მთავარია, ჩუმად არ ვარ!

თქვენ იცით ჩემი შესაძლებლობები? არ იცით! რამდენი სირთულე გადამიტანია, ფსიგოლოგიური ზეწოლა ხალხის მხრიდან, თუმცა მიპოვია ჩემს თავში რაღაც ისეთი, რამაც დანებების საშუალება არ მომცა, რამაც მაფიქრებინა, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი და უბრალოდ ჩემი შესაძლებლობების გამოყენების უფლება არ მაქვს. რამაც მიმახვედრა, რომ მე ბევრად მეტი ვარ ვიდრე მათი უბრალოდ დაზეპირებული ფაქტები და ფორმულები.

ქიმიაზე მიმავალი ყოველთვის ვფიქრობ რა იქნებოდა დრო ჩემს სასარგებლოდ რომ გამომეყენებინა, რომ მესწავლა კერვა, ქარგვა, ქსოვა, ხელოვნება, ძერწვა და უამრავ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ან სიმღერა.  ფიზიკის კონსპექტებით ხელში კი მიფიქრია, რა იქნებოდა რომ სკოლას მომავლისთვის მოვემზადებინეთ და არა წარსულისთვის, რომ ესწავლებინა ბრძოლა, მეგობრობა, სიყვარული და საქმისადმი ერთგულება…

მე ვერ ვერგები ძველებურად მოწყობილ „თანამედროვე“ სკოლას! რატომ? იმიტომ რომ მე ბევრად მეტი უნარი გამაჩნია, ვიდრე სკოლაში ისწავლება; მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე იქ დაწესებული საზღვრები; მე ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე იქ მოითხოვენ, თუმცა არ მეძლევა საშუალება გამოვიყენო და აღმოვაჩინო კიდევ მეტი უნარი საკუთარ თავში… მოკლედ რომ ვთქვა, მე კარგი მოგონებები მჭირდება, მე დახმარება მჭირდება…!”

ავტორი: საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე

„უბრალოდ ვდგები და კლასიდან გავდივარ – არ აქვს სკოლას არანაირი გეგმა“

ამბავი იმაზე, თუ რაში დავხარჯე ცხოვრების 12 წელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური