GE

„ბავშვები არ თვლიდნენ ჩაგვრად თავში წამორტყმას“– როგორ ებრძვიან მოსწავლეები ბულინგს სკოლაში

“გამოკითხულთა 80%-მა არ იცოდა, რას ნიშნავდა ბულინგი, 77% შესწრებია ჩაგვრის ფაქტს, ხოლო  23%-მა საერთოდ ვერაფერი განაცხადა ბულინგთან დაკავშირებით“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას 186–ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კაპანაძე. ნინომ და მისმა თანასკოლელებმა კვლევა 20 სკოლაში ჩაატარეს და ბულინგის შესახებ 400 მოსწავლე გამოკითხეს.

ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ცხადყო, რომ ბულინგის, იგივე ჩაგვრის უმეტესი შემთხვევა სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში ხდება. ჩაგვრის ფაქტებს თავად მოსწავლეებიც უპირისპირდებიან, თუმცა მეთოდები სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ გასაწერია.

ნინო კაპანაძე სამოქალაქო კლუბის „დელტა“ წევრია, რომლის წევრებიც სკოლის მოსწავლეები არიან და პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სამოქალაქო განათლების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას გეგმავენ. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა პროექტებით  თავიანთი წვლილი შეიტანონ პრობლემის აღმოფხვრაში და უფრო მეტ თანატოლამდე მიიტანონ სათქმელი.

„ჩვენმა პროექტმა მერიისგან მოიპოვა დაფინანსება. ბულინგის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის მიზეზი გახდა მოსწავლეთა შორის დაფიქსირებული საშინელი შემთხვევა. მოსწავლეებმა იჩხუბეს, ერთ-ერთი მათგანი კი დაიჭრა. ამ ფაქტმა იმდენად შეგვაწუხა, გვინდოდა, პრევენციული ზომები მიგვეღო, რათა შემდგომში თავიდან აგვეცილებინა მსგავსი შემთხვევები.

წამოვიწყეთ კამპანია „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“. შევიმუშავეთ სასკოლო რეგულაციები, გვქონდა სხვადასხვა პროექტი, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. ვესაუბრეთ ფსიქოლოგს, მოვაწყვეთ ვიდეორგოლების კონკურსი. ეს ვიდეორგოლები მიმართული იყო ძალადობის დაგმობისკენ. მოსწავლეებს უნდა გადაეღოთ ვიდეო იმის შესახებ, თუ რა არის ბულინგი, შეუმჩნევიათ თუ არა თავიანთ სკოლებში ჩაგვრის პრობლემა. შემდეგ, საუკეთესო ვიდეორგოლები სოციალურ ქსელში  განვათავსეთ. რაც შეეხება დაბალ კლასელებს, მათთან ვუჩვენეთ ფილმები  ცნობიერების ამაღლების მიზნით“, – გვიყვება ნინო.

მოსწავლეების დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევაში, ის, ვინც ჩაგრული იყო, შემდგომში მჩაგვრელის პოზიციაში გვევლინება.

„ახალგაზრდები გვერდით უნდა დაუდგნენ მათ, ვისაც ჩაგრავენ და იმასაც კი, ვინც ჩაგრავს. ჩირქი არ უნდა მოვცხოთ არცერთ ადამიანს და ერთად ვიზრუნოთ სასკოლო გარემოში ბულინგის აღმოსაფხვრელად. ჩვენი კლუბი კვლავ აპირებს მსგავს თემებზე მუშაობას და პროექტის „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ!“ გაგრძელებას“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

ბულინგის პრობლემის მოგვარების გზაზე ბავშები არაერთ პრობლემას აწყდებიან, როგორც 16 წლის მარიამ ბუთხუზი ამბობს, ძირითადი პრობლემა საკითხის არცოდნა და ჩაგვრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. ის მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში.

მოსწავლეები არ თვლიდნენ ჩაგვრად ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბილწსიტყვაობას, თავში წამორტყმას. ძირითადად, რა პრობლემებიც გვქონდა, მათ შორის უნდა გამოვყო დაფინანსების საკითხი. როდესაც მერიასთან ადვოკატირებას ვახდენდით, ძალიან ძნელი იყო ხმა მიგვეწვდინა მათთვის, დიდხანს გვიწევდა ლოდინი. პროექტების დაგეგმისას, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა სახით უნდა მიგვეწოდებინა ეს საზოგადოებისთვის. როგორ უნდა მოგვეხდინა სწორი ფორმულირება, რათა ჩვენს თანატოლებს გაეგოთ ეს თემა ისე, როგორც ჩვენ გავიგეთ“.

მარიამის აზრით, მათი „დელტა“კლუბის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა კლუბის წევრთა გარშემო შედეგი გამოიღო და გარკვეულწილად ცნობიერება აამაღლა. იგი თანატოლებს მოუწოდებს დაინტერესდნენ სკოლებში ჩაგვრის თემატიკით.

„მოსწავლეებს ვეტყოდი,  არ დადგნენ დამნაშავის მხარეს, იმიტომ რომ უბრალოდ „კარგი ტიპები“ გამოჩნდნენ, არ შეშინდნენ, რომ მომავალში თავად გახდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ჩაგვრისას, ყოველთვის ჩაგრულის პოზიცია დაიცვან“.

ბულინგის პრობლემასთან ბრძოლა აქტიურად ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თუმცა, იგი არსებობდა და არსებობს მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ლაურა ბერგერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 186 სკოლაში არსებული კლუბის წევრებს პირადად შეხვდა და მათი სამუშაოს შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებს პირადად გაეცნო:

„ბულინგი სკოლებში ერთ-ერთი მწვავე საკითხია. ჩემს ბავშვობაში იყო მიდგომა,  რომ ვიღაც იყო ცუდი ბავშვი -ვიღაცა  კარგი. ეს არის ჩაგვრა ყველა გაგებით. ბოლო წლებში კი უკვე შეიცვალა დამოკიდებულება. ბულინგთან ბრძოლა თავად ბავშვებმა დაიწყეს. ისინი მიხვდნენ, შიში არ არის პრობლემის გამოსწორების მექანიზმი. ხმამაღლა განაცხადეს, რომ აღარ ეშინიათ მუქარის სოციალურ ქსელში  თუ რეალურ ცხოვრებაში.

ბულინგის პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას, მოგვარების პროცესში კი დიდია მოსწავლეების როლი.“

ლაურა ბერგერი თბილისის #186 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „დელტას“ მიერ განხორციელებულ სამოქალაქო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო. მისი აზრით, ასეთი ტიპის აქტივობები  მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი ძალის გაცნობიერებაში.

„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებმა მოახდინა მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა კვლევამ. ისინი გავიდნენ საზოგადოებაში და დაიწყეს თავად პრობლემის შესწავლა.“ აღნიშნა USAID-ის წარმომადგენელმა.

ბულინგის სხვადასხვა სახე არსებობს. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ყველა მათგანის ცენტრში ბავში დგას. ამიტომ კითხვაზე, თუ საიდან უნდა დაიწყოს ბავშვთა ძალადობის აღმოფხვრა და ვის მიერ, პასუხი ნათელია. სპეციალისტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი  უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებიდან უნდა დაიწყოს.

„მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, ბულინგის პრობლემის  ბოლომდე მოგვარება შეუძლებელია, თუ თავად მოსწავლეები არ იქნებიან ჩართულნი. მათგან მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მოსწავლეთა შორის ძალადობის შესამცირებლად“, – აცხადებს პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძე.

შეხვედრა 186 სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია PH International ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური