GE

მოსწავლეები გორის საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლაში ზამთრის სეზონს მოსწავლეები გათბობის გარეშე ხვდებიან. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და მის შესაკეთებლად სამუშაოები დაიწყება, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. სკოლის დირექტორი არჩილ მიხანაშვილი აცხადებს, რომ სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვას განათლების სამინისტროდან ელოდება.

„გათბობის სისტემა გასაკეთებელია და საკმაოდ ძვირადღირებული ნაწილები ესაჭირეობა.  ბატარეებია დაზიანებული და დახეთქილია მილები. საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

„გათბობა არ არის ჩართული ჩვენს სკოლაში და გვცივა. იმედი გვაქვს მალე ჩართავენ“, – ამბობს ერთ–ერთი სკოლის მოსწავლე.

რაიონის საჯარო სკოლების მსგავსად ამ დრომდე არ ჩაურთავთ გათბობა ქალაქის სკოლების ნაწილშიც. საკითხის მოუგვარებლობამ მოსწავლეებში პროტესტი გააჩინა.

„სკოლაში გათბობას რომ არ გვირთავენ ავად ვხდებით და გაკვეთილების გაცდენა გვიწევს“; „გათბობის ჩართვას ვითხოვთ, რადგან ძალიან გვცივა, ვიყინებით ბავშვები“; „მე მგონი, სკოლაში ელექტრო გამათბობელს მივიტან ისე ცივა“, – ამბობენ მოსწავლეები.

საჯარო სკოლებში, გათბობის არარსებობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ მშობლებიც. მათ საკითხის გარკვევა შესაბამის უწყებასთან გვთხოვეს. აღმოჩნდა, რომ სკოლების ნაწილში გათბობის არარსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ გორის რესურსცენტრში და გვეუბნებიან, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

„საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვა–გამორთვის საკითხი არც ჩვენ და არც განათლების სამინისტროს არ ეხება. გათბობის ჩართვა სკოლებში ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადეს გორის რესურსცენტრში.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში გათბობის საკითხი დროულად არ მოგვარდება, მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ელექტოგამათბობლებს თავად მიიტანენ.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური