GE

მოსწავლეები, როგორც გასაყიდი საქონელი – სილამაზის კონკურსების ულამაზო მხარე

“დასაშვებია თუ არა სკოლებში გაურკვეველი ადამიანების შესვლა, რომლებიც ბავშვებში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ? ვინ აკონტროლებთ მათ და ვინ წყვეტს რომელი ინფორმაციაა ბავშვისთვის საჭირო და რომელი – არა?“ – ამ კითხვით EDU.ARIS.GEს თბილისის 71-ე საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელმა მას შემდეგ მიმართა, რაც მათი შვილები სახლებში გულდაწყვეტილები იმის გამო დაბრუნდნენ, რომ სილამაზის კონკურსის სკოლაში მისულმა ორგანიზატორმა ისინი საკონკურსოდ არ აირჩია.

მოგეხსენებათ, საქართველოს სკოლებში სხვადასხვა სახის ინფორმაციის გასავრცელებლად ადამიანთა შესვლა აპრობირებული მეთოდია. ბავშვებს ხშირად სპექტაკლზე იწვევენ, ანდა სახელოვნებო წრეების გახსნის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ამჯერად კი, როგორც ჩანს, 71-ე სკოლაში (და არა მხოლოდ იქ) სილამაზის კონკურსისათვის შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მივიდნენ.

ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში უკვე აქტიურად ებრძვიან ადამიანის (და განსაკუთრებით გოგონების) სილამაზის შაბლონური სტანდარტების დადგენას, ასევე, მოზარდების ქვეცნობიერში იმის ჩანერგვას, რომ ქალისათვის სილამაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ადამიანებში გრძელვადიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, რადგან თითოეული ადამიანი (და განსაკუთრებით სწორედ რომ გოგონები) ცდილობს დადგენილ სტანდარტებში მოექცეს, რაც მათ ხშირად ნერვების, კვებითი აშლილობის და შესაბამისად, ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

მშობლებმა, რომელთაც EDU.ARIS.GE-ს მიმართეს, ობიექტური მიზეზების გამო სახელებისა და გვარების დასახელება არ ისურვეს. ისინი ყვებიან, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად „ვიღაც კაცი“ მათი შვილების კლასებში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას შევიდა. ბავშვებს თავი სილამაზის კონკურსის ორგანიზატორად გააცნო, გოგონები შეათვალიერა და მათ, ვინც კონკურსისათვის მისაღებ კანდიდატად მიიჩნია, მოსაწვევები დაურიგა.

ამან კი იმ ბავშვების განაწყენება გამოიწვია, ვისაც აღნიშნული მოსაწვევები არ შევხდა.

„ჩემი შვილებიდან ერთი მეორე კლასშია, მეორე – მეოთხეში. ორივეგან შევიდნენ. ისე მოხდა, რომ არც ერთ მათგანს არ მისცეს ის მოსაწვევი. ამაზე არ მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვები სახლში დაზაფრულები მოვიდნენ. უმცროსი ტიროდა – ლამაზი არ ვარო. უფროსი კი მეჩხუბებოდა დილას ლამაზად რომ არ ჩამაცვი, მაგიტომ არ ამირჩიესო. გინდა თუ არა სამოდელო სტუდიაში მიმიყვანეო – გადარეული იყო ბავშვი. მეორე დღეს არცერთი არ მიდიოდა სკოლაში – კლასელები დაგვცინებენო, ძალით გავუშვი. მათი კლასელების მშობლები მწერდნენ, რომ იმათი შვილებიც ანალოგიურად იყვნენ.

„გამაგებინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვებისათვის, როცა ისედაც ძალიან კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება ასეთი რამ დაუშვას სკოლამ? ვიღაცამ უთხრას – შენ ლამაზი ხარ და შენ – არაო?!  რა სისულელეა, სად ვცხოვრობთ და რომელი საუკუნეა? ჰკითხონ ნებისმიერ ფსიქოლოგს, ეს თუ ნორმალური საქციელია. მითუმეტეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში! მშობელს არ მიშვებენ შვილთან და ვიღაც ფულის გასაკეთებლად მოსული ხალხი რატომ შეუშვეს? ან განათლების სამინისტროში რას იტყვიან ამ საკითზე?“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

71-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ტალახაძე ადასტურებს, რომ მსგავსი რამ მოხდა, თუმცა უარყოფს, რომ ეს საგაკვეთილო პროცესის დროს მიმდინარეობდა. მისი თქმით, კონკურსის ორგანიზატორს თან ჰქონდა განათლების სამინისტროდან აღებული ნებართვა, სადაც ეწერა, რომ თუკი სკოლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტდა, მას სკოლაში შესვლა შეეძლო.

იგი ასევე უარყოფს იმას, თითქოს ორგანიზატორმა ზოგიერთი ბავშვი შეარჩია კონკურსისათვის, ზოგი კი – არა. დირექტორის თქმით, მას ჰქონდა სარეკლამო ბუკლეტები, რომლებიც ზოგიერთ ბავშვს დაურიგა, რადგან ყველასთვის საკმარისი არ იყო.

„მეც შევყევი კლასებში დიდ დასვენებაზე. როცა მე არ მეცალა, ჩვენი საინფორმაციო მენეჯერი ახლდა. ის ურიგებდა ბავშვებს ამ საინფორმაციო ბუკლეტებს და ეუბნებოდა, რომ ასეთი რაღაც ტარდება. თავად ჩემ შვილსაც არ შეხვდა. ეს არც მოსაწვევი იყო და არც შერჩევითი ტური. დამრიგებლებს, ან საინფორმაციო მენეჯერს რომ ჰკითხოთ, იგივეს დაგიდასტურებენ,“- განგვიცხადა მან და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა მშობლებს ჟურნალისტის ნაცვლად მისთვის მიემართათ, თუკი ჩვენ “სხვა” მიზნები არ გვამოძრავებდა.

„ეს ისეთი ნიუანსია, რომელზეც თქვენი შეწუხება არ იყო საჭირო. დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ყველაფერი დამრიგებლისგან, ან ჩემგან გაეგოთ. მეც და ჩემი თანამშრომლებიც ჩვენი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასე რომ, არ იდარდოთ. ნამდვილად არანაირი საკონკურსო შერჩევა არ მომხდარა, დანარჩენ ბავშვებს არანაირი გულისწყვეტა არ ჰქონიათ და არაფერი დაშავებიათ. რატომ ქმნით ტრაგედიას ისეთი რაღაცისაგან, რაც არ არის სატრაგედიო?“, -აღნიშნა დირექტორმა.

რაც შეეხება თავად კონკურსის ორგანიზატორს, რომელიც აღნიშნულ და კიდევ ბევრ სხვა სკოლაში იმყოფებოდა (მათ შორის გორის, რუსათვისა და ბათუმის სკოლებში) მისგან ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული კომენტარი მოვისმინეთ. პირველად გიორგი ბარამაშვილს როგორც დაინტერესებულმა მშობელმა დავურეკეთ მანამ, სანამ სკოლის დირექტორს გავესაუბრებოდით და მან დაადასტურა,  რომ სკოლაში სწორედ ბავშვების შერჩევის მიზნით იყო და „გამოსადეგები“ შეარჩია კიდეც.

„მაქსიმალურად ვცდილობ თითოეულ კლასში ის ტიპაჟები შევარჩიოთ, რომლებიც კონკურსისათვის გამოდგებიან. ადგილზე რომ მოვლენ, ბავშვებს კიდევ შევამოწმებთ. ჩვენთან რამდენიმენაირი კონკურსია-პატარა გოგონების, დიდი გოგონების, ვაჟებისა და „მის ფუმფულას კონკურსი“ გვაქვს კიდევ. ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი 5-5 გამარჯვებული ეყოლება,“ – გვითხრა მან და აქვე დასძინა, რომ მშობლებს ბავშვის კონკურსზე გამოსვლა საშუალოდ 100 $ დაუჯდებათ. ამ თანხაში არ მოიაზრება ბავშვის საკონკურსი ტანსაცმლის ღირებულება.

მეორედ კი ბარამაშვილს უკვე სკოლის დირექტორთან საუბრის შემდეგ დავურეკეთ. მან ჩვენი ვინაობის გაგების შემდეგ, ისე რომ კითხვა არც დაგვისვამს, საუბარი იმაზე დაიწყო, რომ სკოლებში ის მხოლოდ ინფორმაციის გასავრცელებლად შედის, რომ ბავშვების შერჩევას არ ატარებს და რომ დასვენებაზე კლასში მხოლოდ სარეკლამო ბუკლეტებს ტოვებს. მისი ტექსტი დირექტორის ნათქვამის თითქმის იდენტური იყო.

„იმდენი ფლაერი არ მაქვს ხოლმე, რომ ყველას დავურიგო. რასაც მოვასწრებ დასვენებაზე კლასში ვტოვებ, ვინც მომხვდება თვალში, მივცემ. მერე კი, ვისაც სურვილი აქვს მოდის და გასაუბრებას ადგილზე ვუტარებთ. მარტო ვიზუალური მხარე არაფერს ნიშნავს,“ – გვითხრა მან.

გარდა ამისა, მან, პირველ ჯერზე საუბრისაგან განსხვავებით, გვითხრა, რომ ეს სილამაზის კონკურსი კი არა, ფესტივალია, სადაც სილამაზის გარდა ბავშვის ნიჭსაც ექცევა ყურადღება და რომ თითოეული ბავშვი ჯილდოვდება.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როცა საქმე რაიმე აქტივობისა და ღონისძიების განხორციელებას ეხება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სკოლა, ანუ დირექტორი იღებს.

„არის შემთხვევები, როდესაც სამინისტროს ამა თუ იმ ინიციატივის განსახორციელებლად მომართავენ და იგივე პასუხს იღებენ – რომ ეს სკოლის გადასაწყვეტია. როგორც წესი, სამინისტროს ისეთი ღონისძიებებისათვის მომართავენ, რისი განხორციელებაც სკოლაში შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს პროტესტი გაუჩნდებათ, სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დარეკონ. რაღა თქმა უნდა, შეუძლიათ განცხადებითაც მოგვმართონ. მყისიერი რეაგირება გვექნება,“ – განგვიმარტეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ფსიქოლოგი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის „პიკი” დამფუძნებელი ირინა ტაბუციძე კი მშობლების აღშფოთებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ  აღნიშნული საკითხი სულაც არაა ისეთი ხელწამოსაკრავი და არასერიოზული, როგორადაც ეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს.

მისი თქმით, როცა უცხო ადამიანი კლასში შედის და ზოგ გოგოს სილამაზის კონკურსზე ეპატიჟება, ანუ მას ლამაზად აფასებს, ზოგს კი –  არა, ეს დანარჩენებში აღშფოთებას, აგრესიას, წყენას, შურსა  და საკუთარი თვითშეფასების დაკნინებას იწვევს.

„ვიღაცისათვის, ალბათ, სულერთია, მაგრამ გარდამავალ ასაკში მყოფი ბავშვისათვის ეს საკმაოდ მტკივნეულია. თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ,  ლამაზი ქალის სტანდარტები ძალიან მკაცრია. სწორედ ამიტომ, ჩემთან ხშირად ხვდებიან გოგონები კვებითი აშლილობით. ანუ, გამუდმებული ზრუნვა აქვთ გარეგნობაზე, წონაზე. მითუმეტეს მტკივნეულია ყველაფერი გარდამავალ ასაკში, როცა საკუთარი თავი არ მოსწონთ. ჯერ არაა ის პერიოდი, როცა თვითშეფასება მყარია და შეუძლია საკუთარი დასკვნები გააკეთოს, სოციუმის შეფასებაზეა დამოკიდებული. ანუ, ამ ასაკში როგორც გარედან გაფასებენ, შენი თავიც ისეთი გგონია.

„ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც უცხო ადამიანი მოდის და მუშტრის თვალით გათვალიერებს, ძალიან უსიამოვნოა. კარგად მახსოვს, ჩემ ბავშვობაშიც შემოვიდნენ ვიღაცები და კინოში გადასაღებად აირჩიეს გოგონები. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.  საშინელი განცდაა, როცა უცხო ადამიანი შენთვის გაურკვეველი კრიტერიუმებით გაფასებს.

„ასე რომ, ეს ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა. მე თუ მკითხავთ, ამის უფლება სკოლას არ უნდა მიეცა. ყოველ შემთხვევაში, მშობლების ნებართვის გარეშე მაინც. ყველას სკოლაში შეშვება და ბავშვებამდე მიშვება ხომ არ შეიძლება? სასურველია დირექტორები თავიანთ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური