GE

„მოსწავლეების კორონავირუსზე ტესტირება ძალიან რესურსტევადია, ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლებს“ – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსწავლეების ტესტირება კორონავირუსზე ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ამის შესახებ განცხადება მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, ეს პროგრამა ძალიან რესურსტევადია და არც მონაცემები არსებობს, რომელიც მეცნიერულად ხელს შეუწყობდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლაში დასაქმებულების ტესტირებაზე, აქაც არის გარკვეული კომფორტული მიდგომა, როცა პროპორციულად დავუშვათ 20 პროცენტი არის ის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს მონაცემებს ზოგადად ინფექციის გავრცელების შესახებ. მასწავლებლების შემთხვევაში სამიზნე არის სკოლა და პედაგოგიური პერსონალი და ასევე სხვა დასაქმებულები სასკოლო გარემოში. ბავშვების შემთხვევაში და მათთან მიმართებაში ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობითაც მკაფიო მონაცემი არ არსებობს, რომელიც მეცნიერულად ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა და რესურსიც თვალსაზრისითაც, რესურსტევადია ძალიან ეს პროგრამა. ამდენად, ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლების ტესტირებას, რადგან ისინი უფრო მეტად არიან ჯანმრთელობის რისკების მატარებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მასწავლებლების ტესტირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე გატესტილია 6200 პედაგოგი და დადებითობის მაჩვენებელი 0,3 %-ის, რაც მისი თქმით, არის კარგი დინამიკა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური