GE

მოსწავლეების თითქმის 32% თანატოლების მხრიდან ჩაგვრის სისტემატური მსხვერპლია! – UNESCO პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობს

სკოლაში ძალადობა და ჩაგვრა გლობალური პრობლემაა – იუნესკო საკითხის სიმძიმეზე საუბრობს და პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობს.

რამდენიმე დღის წინ იუნესკომ სკოლებში ძალადობისა და ჩაგვრის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 144 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა სკოლის მოსწავლეების დაშინების, მათზე ძალადობისა და დაცინვის ფაქტებსა და რეგიონული თუ გლობალური ტენდენციების ანალიზს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, მოსწავლეების თითქმის 1/3 (32 %) თანატოლების მხრიდან ჩაგვრის სისტემატური მსხვერპლია. ასეთივეა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა პროცენტული წილი. ეს უკანასკნელი ბევრ რეგიონში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ფსიქოლოგიური ჩაგვრა, თუმცა გამონაკლისია ჩრდილოეთ ამერიკა და აფრიკა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო ხშირად მიმართავენ. ბევრ ქვეყანაში ძალადობის მეორე ყველაზე გახშირებული ფორმაა სექსუალური შევიწროება და  დიდია მსხვერპლ ბიჭთა რაოდენობაც. ასევე, გამოიკვეთა, რომ გოგონები კლასელების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე ფიზიკურს. ბიჭები კი – პირიქით. კვლევა აჩვენებს, რომ თანდათან უფრო ხშირდება ონლაინ-ჩაგვრის შემთხვევები, რაც  სოციალურ ქსელებსა თუ მობილურზე სხვადასხვა ტიპის ნეგატიური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნას გულისხმობს.

მოსწავლეები მკვლევრებთან საუბრობენ რასობრივი დისკრიმინაციის შესახებაც. კანის ფერისა თუ ეთნოსის ნიშნით ჩაგვრა  ფიზიკური ძალადობის შემდეგ მეორე ადგილზე დგას იმ რეგიონებში, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული.

საკითხის მნიშვნელობა:

ჩაგვრა, დაშინება და ფიზიკური ძალადობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, აკნინებს ცხოვრების ხარისხს და აკადემიურ მიღწევებს. ბავშვები, რომლებიც რეგულარულად არიან ჩაგვრის მსხვერპლნი, სკოლაში თავს გარიყულად გრძნობენ, გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მოსწრებით და სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც წესი, უარს ამბობენ ფორმალური განათლების გაგრძელებაზე.

პრობლემის გადაჭრის გზები:

მიუხედავად პრობლემის სიმძიმისა, წლევანდელი წლის განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ლონდონში გაიმართა, ცხადყოფს, რომ 71-მა ქვეყანამ სკოლებში ძალადობისა და დაშინების შემცირების მიზნით გატარებული ეფექტური ღონისძიებების წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებს ერთი მთავრი ღირებულება აერთიანებთ – პოზიტიური გარემო სკოლაში, რაც სხვადასხვა ფაქტორებით ვლინდება: სასკოლო გარემოს ხელშეწყობის ვალდებულება, სკოლაში ძალადობის ფაქტების პერიოდული მონიტორინგი და ანალიზი, მასწავლებლების გადამზადება დაჩაგრული მოსწავლეების მხარდასაჭერად, მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის ამაღლება.

იურიდიული და პოლიტიკური რეგულაციების გატარება ერთ-ერთი მთავარი იარაღია ბავშვებში  ძალადობის შესამცირებლად. ამის შესახებ იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ სტეფანია ჯიანმა განაცხადა:

„რიგ ქვეყნებში, სკოლებში ჩაგვრის ფაქტების შემცირება ძლიერი პოლიტიკური ლიდერებისა და სხვა ფაქტორების დამსახურებაა. მათ შორის, მნიშვნელოვანია სკოლის თანამშრომელებისთვის ტრენინგების ჩატარება, ძალადობის ფაქტების გამოვლენა და გამოკვლევა. ყველ ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს უსაფრთხო გარემოში“,- აღნიშნავს ჯიანი.

აღნიშნული კვლევა იუნესკოს ერთ-ერთი კამპანიის „უსაფრთხო სწავლების“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი სკოლებში ძალადობის აღკვეთაა.

წყარო: en.unesco.org

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური