GE

მოსწავლეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით ჩაატარებს

2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით.

სკოლა იქმნება იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ.

საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში:

  • ქართული ლიტერატურა
  • მსოფლიო ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ბიოლოგია
  • ეკოლოგია
  • სამოქალაქო განათლება

სკოლა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების 14-17 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაგვისაბუთებენ საკუთარ მოტივაციას – რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა – და 2020 წლის 10 იანვრამდე შეავსებენ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ დავაარსეთ ილიაუნის საკვირაო სკოლა, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ თვითგანვითარება, შემოქმედებითი, კრიტიკული უნარების ათვისება ასევე თუ სურთ მეტი იცოდნენ ადამიანის, ბუნების და საზოგადოების შესახებ. ჩვენ მათ შევთავაზებთ საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ კვირაობით წაკითხულ ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში დაწყებული ქართული და მსოფლიო ლიტერატურით დამთავრებული მათემატიკით და ბიოლოგიით და ვფიქრობთ ასევე ბევრად უფრო მრავალფეროვან შეთავაზებაზე. ეს ერთგვარი პასუხია იმ პრობლემებზე, რაც გამოავლინა პიზას კვლევამ, ეს იყო წაკითხულის გააზრება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფიზიკა და მათემატიკა. პირველ ეტაპზე 14-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მივიღებთ, მაგრამ მომავალში სხვა ასაკობრივ კოჰორტებსაც გავითვალისწინებთ. ფუნქციონირებას ეს სკოლა დაიწყებს 2020 წლიდან, მაგრამ მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ გამოგზავნონ სამოტივაციო წერილები, რომელთა საფუძველზეც ჩვენ მათ ავარჩევთ. კარგი ამბავია, რომ გადასახადი მხოლოდ სიმბოლურია და იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე იქნება სოციალურად დაუცველი, ჩვენ დავფარავთ ამ გადასახდს“,- აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

კურსის გადასახადი სიმბოლურია და შეადგენს 50 ლარს, რომელსაც მონაწილე უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, შესაძლებელია ამ გადასახადის მოხსნაც.

“პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში. ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში”, – ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებბულ ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური