GE

მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი ბათუმშიც დაფუძნდა – რამდენია მსურველი და ჩარიცხული ორ სექტორზე

თბილისის შემდეგ, უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის, ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 18 მაისის ინფორმაციით, უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ზუსტად იმ სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ და თითოეული მოსწავლე შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებით უკვე უზრუნველყოფილია.

ბათუმის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, უკრაინულენოვან სექტორზე I-IV კლასის მოსწავლეები ისწავლიან, ხოლო სექტემბრიდან ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა საფეხურის მოსწავლეს ექნება.

სამინისტროს ცნობით, შერჩეულია კვალიფიციური პედაგოგებიც და ყველა მათგანი საქართველოში უკრაინიდან 24 თებერვლის მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა. პედაგოგების ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.

„ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში სთავაზობს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო”. მათთვის დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით“, – ვკითხულობთ სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკრაინულენოვანი სექტორი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისში უკრაინული სექტორი მიმდინარე წლის 11 აპრილს გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

ამავე თემაზე:

განიმარტა, რა შემთხვევაში ვერ ჩაირიცხება უკრაინის მოსწავლე საქართველოს სკოლაში – მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური