GE

მოსწავლეებს საფრთხისშემცველ საიტებზე წვდომა შეეზღუდებათ

მოსწავლეებს ინტერნეტ-კაფეებსა და სკოლის ბიბლიოთეკებში გარკვეულ საიტებზე წვდომა შეეზღუდებათ – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების“ კოდექსშია საუბარი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე  პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ეს არის პირველი დოკუმენტი საქართველოში, სადაც თავმოყრილია ყველა საკითხი, რაც ბავშვების უფლებების დაცვას და მათ განვითარებას ეხება. დოკუმენტში საუბარია როგორც ბავშვების განათლებასა და სოციალურ განვითარებაზე, ასევე ჯანდაცვისა და ძალადობისაგან დაცვის საკითხებზე.

კოდექსის 65-ე მუხლი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ეხება და შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.

2. საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება – „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული მოთხოვნების დაცვით.

3. დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

4. აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე და სრული შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისათვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.

5. ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელის მოთხოვნით დაბლოკოს მისი წვდომა ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელ ინფორმაციაზე.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის წვდომა ინტერნეტ ქსელზე დასაშვებია თუ კი დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).

7. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.

კოდექსის 66-ე მუხლი ასევე აყალიბებს, საჯარო ღონისძიებებში ბავშვთა მონაწილეობის და ტრანსპორტირების წესებს:

1. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელი ვალდებულია ბავშვს და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობების და მხარეთა უფლება- მოვალეობების შესახებ.

2. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.

3. ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს შესაბამის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

4. თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.

5. ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

6. საჯარო ღონისძიების ფარგლებში კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკვები პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმატივებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.

8. ამ მუხლის მოთხოვნების დაუცველობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

კოდექსი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მხარს დაუჭერს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური