GE

„მოსწავლეს თუ ეძახი შენგან არაფერი გამოვაო, ამას შეასრულებს – დაბალი თვითშეფასება მყისიერად არ ყალიბდება, მას ბევრი წინაპირობა აქვს“

სკოლის მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდას, განათლებას და სოციალურ გარემოს. მოზარდის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეპითეტები, რითაც მას გარშემომყოფები მიმართავენ. „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს, რომ თუ ბავშვს უფროსი მუდმივად ჩასძახის, რომ სულელი და წარუმატებელია, ის ამას დაიჯერებს და გავლენას მთელ მის ცხოვრებაზე მოახდენს.

„სიტყვას ისეთი ძალა აქვს, ქვას ხეთქავს – ადამიანის მორჩენაც შეუძლია და მოკვდინებაც. „შეძახილმა ხე გაახმოო“ არ არის ტყუილად ნათქვამი. ბავშვს რასაც ეძახი, იმას შეგისრულებს. უწოდებ დებილს და ეუბნები, შენგან არაფერი გამოვაო?! ამას შეასრულებს. დაიჯერებს, რომ სულელია. ხშირ შემთხვევაში, რასაც გვეძახიან ბავშვობაში, თუნდაც ხუმრობით – აი, “თავგასიებულო,” რაღაცნაირო… მერე ის ჩვენს თვითშეფასებაში შემოდის როგორც ჩვენი აზრი და მერე ვიზრდები და ჩემი თავი უშნო მგონია, უნიჭო მგონია… აი, ხელმოცარული, სულ წაგებული მგონია, სულ და ხელს მიშლის ცხოვრებაში.

“ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ დაბალი თვითშეფასება არ არის კარგი. ე.ი. ვიღაცას ჰგონია, რომ დაბალი თვითშეფასება არის ძალიან კარგი რამ. არ არის ასე და დაბალი თვითშეფასება არის არაცნობიერი; ანუ არ ვიცი და არის თავსმოხვეული და ჩამოწოდებული. თავმდაბლობა უნდა ავირჩიო. თავმდაბლობა არის არჩევანი და დაბალი თვითშეფასება არ არის არჩევანი. ეს მე ამკიდეს მშობლებმა, გარემომ და ხურჯინივით მივათრევ და მპრესავს და ამის გამო მე ვერაფერს ვახერხებ ცხოვრებაში. ეს არის წინაპირობა ყველაფრისა, რაც მემართება ცხოვრებაში. დაბალი თვითშეფასება მყისიერად არ ყალიბდება, მას ბევრი წინაპირობა აქვს: ის ბევრი შეცდომა, რასაც ჩვენ მანამდე ვუშვებთ ბავშვთან მიმართებით, ან ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს ჩვენთან“, – ამბობს ფსიქოლოგი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური