GE

მოსწავლის დაზიანების 10 ფაქტი და 16 სავარაუდო სუიციდის მცდელობა – რა შემთხვევები გამოავლინეს მანდატურებმა პანდემიის პირობებში

პანდემიის პირობებში, საჯარო სკოლებში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა  შემცირებულია, მაგალითად, თუ 2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლისგან მოსწავლის შეურაცხყოფის 1 393 ფაქტი გამოვლინდა, 2020-2021 სასწავლოწლის 2 ივნისის მდგომარეობით, ეს ციფრი 493-ს შეადგენს.

საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის მიერ, EDU.ARIS.GE-სთვის 11 ივნისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კლება ფიქსირდება თითქმის ყველა ტიპის დარღვევაზე, რასაც უწყება აღრიცხავს.

2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლისგან მოსწავლის მიერ სხეულის დაზიანების 24 ფაქტი დაფიქსირდა, 2020-2021 წელს – 10. (2020-2021 სასწავლო წლის მონაცემები ეყრდნობა 2 ივნისამდე პერიოდს).

საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ცნობით, ბოლო ორ სასწავლო წელს სკოლებში სუიციდის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს იმატა სუიციდის მცდელობის რიცხვმა.

სამსახურმა 2019 წელს სავარაუდო სუიციდის მცდელობის 21 ფაქტი გამოავლინა, 2020 წელს -24, 2021 წელს -კი 16.

რაც შეეხება სკოლებში მაღალი რისკის მქონე აკრძალული ნივთების შეტანას, 2019-2020 სასწავლო წელს, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის იარაღის კატეგორიაში დაფიქსირდა 2 ერთეული ნივთი, იგივე ოდენობის ბლაგვი საგანი და ელექტროშოკი. მიმდინარე სასწავლო წელს -1 პნევმატური იარაღი, ერთი ბლაგვი საგანი და არც ერთი ელექტროშოკი.

სკოლებში მომხდარი ინციდენტების შედეგად საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურმა პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახა, მათ შორის 2019-2020 სასწავლო წელს 630-ჯერ, 2020-2021 სასწავლო წელს -246-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ბოლო ოთხი თვე, მსოფლიოში გავრცელებული COVID19-ისპანდემიის გამო, სრულ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, 2020-2021 სასწავლო წელი კი -წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმში წარიმართა.

მანდატურების მიერ გამოვლენილი დარღვევების აღსარიცხად სპეციალური ფორმა დამტკიცდა – განათლების მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი