GE

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დირექტორმა მშობელთა კრებაზე ისაუბრა – სკოლის ვალდებულებები

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს და დაუშვებელია მისი გამჟღავნება. ეს თემა განსაკუთრებით სენსიტიურია მოსწავლის შემთხვევაში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს მსოფლიო პანდემიის პირობებში უხდებათ ცხოვრება და შესაძლებელია თავადაც გახდნენ დაავადების მატარებლები. მათთან დამოკიდებულებას და ინფორმაციის გასაჯაროებას მშობლები, სკოლა და პედაგოგები დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგნენ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ავალდებულებს მკაცრად დაიცვან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუმცა მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში  კანონის მოთხოვნების დარღვევა ხშირად გვხვდება.

2014-2020 წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების 65-ზე მეტი საქმე შეისწავლა.  საქმეები ცხადყოფს, რომ ფიქსირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების, გადაცემის, შენახვის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ან არაპროპორციული მოცულობით დამუშავების შემთხვევები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილ საქმეებში მოხვდა მინდობით აღზრდაში მყოფი და-ძმის შემთხვევა, რომლებიც  გაკვეთილზე დახველების გამო, სკოლაში აღარ დაუშვეს და შემდეგ მათი სამედიცინო დოკუმენტაცია სკოლის მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის საჯარო გახდა. გთავაზობთ პერსონალური ინსპექტორის მოკვლევის ჩანაწერს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის ივლისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აცნობა არასრულწლოვანი და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნების შესახებ.

ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ბავშვები ტუბერკულოზის დიაგნოზით სტაციონარულ მკურნალობას გადიოდნენ ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, საიდანაც 2015 წლის დეკემბერში გაწერეს დაავადების დახურული ფორმის დიაგნოზით, რომელიც გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და საჭიროებდა მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელებას.

რადგან ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაცია ვერ მოხდა, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, ბავშვები საკურორტო ზონაში განათავსა მინდობით აღსაზრდელად. 2016 წლის იანვრიდან ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული და ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალი ექიმის კონსულტაციასაც იღებდნენ. 2016 წლის იანვრის ბოლოს, გაკვეთილზე ერთ-ერთი ბავშვი ახველებდა. მასწავლებელმა ჰკითხა მიზეზი, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ ადრე მკურნალობდა ტუბერკულოზის ცენტრში. აღნიშნული ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სკოლის მასწავლებლებსა და თანაკლასელების მშობლებში. მალევე, მიმღებ მშობელს სკოლის დირექტორმა სთხოვა გამოჯანმრთელებამდე ბავშვები სკოლაში არ მიეყვანა. სკოლის დირექტორი სააგენტოს სოციალური მუშაკისგან დაჟინებით ითხოვდა მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს.

სოციალური მუშაკისთვის ცნობილი გახდა სკოლაში არსებული პანიკისა და ბავშვების დისკრიმინაციის შესახებ. სოციალურ მუშაკს ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიდა და სკოლის დირექტორს გადასცა 2015 წლის ბოლოს ბავშვებზე გაცემული სამედიცინო ცნობების (ფორმა №IV-100/ა) ასლები. 2016 წლის იანვრის ბოლოს სკოლის დირექტორს მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართა ერთ-ერთმა მასწავლებელმა. დირექტორმა მას აუხსნა, რომ ბავშვებისგან მომდინარე საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დასტურად ცნობები დროებით გადასცა ბავშვების მკურნალ ექიმთან ფორმა №IV-100/ა-ში მოცემული ჩანაწერის დაზუსტების მიზნით, ისე რომ არც სოციალური მუშაკის და არც მიმღები მშობლის ინფორმირება არ მოუხდენია.

ამასთან, 2016 წლის თებერვლის დასაწყისში ერთ-ერთი ბავშვის კლასის მშობელთა კრებაზე დირექტორმა აღელვებულ მშობლებს გააცნო ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდებოდა, რომ კლინიკური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ბავშვები ამჟამად ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ და შესაძლებელი იყო მათი სასწავლო პროცესში დაშვება.

სამართლებრივი შეფასება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

სკოლის მიერ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობების მოთხოვნის მომენტისთვის ერთ-ერთი ბავშვის განმარტება ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობის შესახებ მიუთითებდა დაავადების იმ სავარაუდო ფორმაზე, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა გარშემომყოფებისთვის. ამდენად, ინსპექტორმა მიიჩნია, რომ სკოლის დირექტორის მცდელობა დაედგინა დაავადების არსებობა, ფორმა და საჭიროების შემთხვევაში, დაეცვა სკოლაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმოადგენდა მის საკანონმდებლო ვალდებულებას და ცნობების სააგენტოსგან მოპოვებისთვის არსებობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

თუმცა, სკოლამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები გადასცა ერთ-ერთ მასწავლებელს და ასევე, ცნობებში დაფიქსირებული მონაცემები გაამჟღავნა მშობელთა კრებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის (მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა) დარღვევით.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მასწავლებლის ძირითადი ვალდებულებაა მოსწავლის ხარისხიან განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა, რაც არ მოიცავს სკოლაში მყოფ პირთა უსაფრთხოების მიზნით მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

ინსპექტორის გადაწყვეტილება სკოლის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით მონაცემთა გამჟღავნების ფაქტი დადგინდა, თუმცა, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციუ­ლი სახდელი პირს შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, სკოლას ვერ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 რეკომენდაციები მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის

ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა, მათ შორის შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისგან, სკოლის პირდაპირი მოვალეობაა. დაუშვებელია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირებისთვის გამჟღავნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური