GE

მოსწავლის მშობელი აჭარიდან: კრებაზე გვითხრეს, რომ ონლაინზე ჩართვები ერთი კვირის შემდეგ დაიწყება, იქამდე გაკვეთილები გვიცდება

დღეიდან საქართველოს სამი დიდ ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) გარდა, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდა, მათ შორის აჭარაშიც, სადაც დისტანციური სწავლება ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მიმდინარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მოსწავლეთა დასწრება მაღალია და თუმცა ამის პარალელურად, როგორც ირკვევა, ის მოსწავლეები, რომლებმაც დისტანციური სწავლება აირჩიეს სასწავლო პროცესის მიღმა აღმოჩნდნენ, რადგან სამინისტრომ გადაწყვეტილება დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გასული კვირის პარასკევ დღეს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის დაგვიანებით გამოაცხადა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლებასთან ერთად, მშობლებს კვლავ შეუძლიათ მოითხოვონ დისტანციური სწავლების მოდელი, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, მაგალითად აჭარაში იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმაც დისტანციური სწავლა მოითხოვეს და დღეს არც სკოლაში წასულან, ონლაინ გაკვეთილები 1 კვირის დაგვიანებით, შემდეგი ორშაბათიდან ჩაუტარდებათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, მშობელთა კრებაზე მასწავლებელმა აუხსნათ, რომ ის ბავშვები, რომლებიც დისტანციური სწავლების მოდელს აირჩევენ, ონლაინ სწავლას მხოლოდ შემდეგი ორშაბათიდან შეუდგებიან.

,,როცა გავიგეთ რომ 1-ლი თებერვლიდან სწავლას ვიწყებდით ორჯერ ჩაგვიტარდა მშობელთა კრება, ბოლო კრებაზე მასწავლებელმა აგვიხსნა როგორ შეგვეძლო მოგვეთხოვა დისტანციური სწავლება. მანვე გვითხრა, რომ ვინც ავირჩევდით დისტანციურ სწავლებას გაკვეთილები შემდეგი ორშაბათიდან ჩატარდება, რადგან უნდა იცოდნენ ზუსტად რამდენი ბავშვი აირჩევს ასე სწავლას, რომ შემდეგ ცხრილი შესაბამისად დაგეგმოს სკოლამ. ერთი კვირის გაცდენა გვიწევს”, – გვეუბნება მშობელი.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძის გაკეთებული განცხადებიდანაც ჩანს, რომ დისტანციური სწავლების მსურველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი უწყვეტი არ იქნება და მათ მოცდა მოუწევთ. 

„დისტანციური სწავლების მოთხოვნა, შეეძლებათ მხოლოდ ქალაქებში. აჭარის ტერიტორიაზე ეს ეხება ქობულეთსა და ბათუმს. ამისთვის უკვე არის სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ოთხშაბათის ჩათვლით გაგრძელდება ამ ინფორმაციის შეგროვება, შემდეგ უკვე სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ დისტანციურ და ნაწილობრივ სასკოლო სივრცეში სწავლის განახლებაზე“, – თქვა პარასკევს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჯემალ სურმანიძემ.

შეგახსენებთ, რომ თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა და აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში არსებულ სკოლებს – ზუგდიდი, თელავი, ზესტაფონი, გარდაბანი, ფოთი, მარნეული, ბათუმი, ქობულეთი და გორი.

ასევე ცნობილია, რომ თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.

როგორც ცნობილია, სკოლების გახსნის შემდეგ, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია კოვიდზე სავალდებულო ტესტირება ჩაიტაროს.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით)”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური