GE

მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტის შესწავლა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო – მშობლის ახალი ბრალდებები სკოლის ადმინისტრაციას

გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში, დირექტორის მოადგილის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საქმის შესწავლა დაიწყო.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხდება შესაბამისი მასალების შეგროვება და კომიტეტის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სკოლის დირექტორი დამატებითი დეტალების გასაჯაროებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

„საკითხთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება 15 ოქტომბრიდან არის დაწყებული. ხდება შესაბამისი მასალების შეგროვება და გარკვეული მასალების დამუშავების შემდეგ, სკოლის დისციპლინარული კომიტეტი გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მეშვიდე საჯარო სკოლის წინააღმდეგ, პირველკლასელი მოსწავლის დედა ახალ ბრალდებებს აჟღერებს. 6 წლის ბიჭის მშობელი ამტკიცებს, რომ სკოლიდან მისი შვილის გარიცხვას გეგმავენ და ამისათვის დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტიც შეიმუშავეს. ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მისი შვილის კლასელების იმ მშობლებმა მიაწოდეს, რომლებმაც აღნიშნულ განცხადებაზე ხელი არ მოაწერეს.

„ჩემი შვილის კლასელის ერთ-ერთმა მშობელმა, ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ სკოლაში შეიმუშავეს განცხადება ჩემი შვილის გარიცხვის შესახებ და ამაზე მშობლებს ხელს აწერინებენ ზეწოლის შედეგად. არც ერთ სკოლის ხელმძღვანელს არ აქვს უფლება 6 წლის ბავშვი გარიცხოს სკოლიდან იმის გამო, რომ დაიცვას თავისი თანამშრომელი. ჯერ ერთი თვე არც არის, რაც დაიწყო სასწავლო წელი და ადაპტაციას ბავშვი ახლა გადის.

პირველკლასელი ბიჭის მშობლის ახალ ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა. ნოდარ იარღანაშვილი აცხადებს,  რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სკოლას ბავშვის გარიცხვის უფლება არ აქვს.  იარღანაშვილი მოსწავლის მშობელს მოუწოდებს კანონები კარგად წაიკითხოს და განცხადებები შემდეგ გააკეთოს.

„ეს ისეთი ბრალდებაა, რომ ამაზე არც შეიძლება კომენტარის გაკეთება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სკოლას ამის უფლება არ აქვს. ქალბატონი, როგორც თავად აცხადებს, ბრძანდება იურისტი და მე მინდა, რომ კარგად წაიკითხოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მეორე თავი, რაც ეხება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის უფლებებსა და თავისუფლებებს“, – აცხადებს დირექტორი.

სკოლის ხელმძღვანელის ეს განცხადება მიუღებელია მეშვიდე სკოლის მოსწავლის მშობლისთვის. იგი ამტკიცებს, რომ  სკოლიდან მისი შვილის გარიცხვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  დირექტორის მოადგილე ბავშვზე ძალადობაში დაადანაშაულა. მაშინ სკოლის სასწავლო ნაწილმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ბავშვზე არ უძალადია და მშობელი ცრუობდა.

„ჩემი შვილის გარიცხვა სკოლიდან იმის გამო გადაწყვიტეს, რომ მე სასწავლო ნაწილი მზია ბერუაშვილი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ვამხილე. მე ბერუაშვილის სამსახურიდან წასვლას დაუყოვნებლივ ვითხოვ, რადგან მან არ იცის არც ბავშვთან და არც მშობელთან მოქცევის წესები“, – ამბობს მშობელი.

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა. პირველკლასელი ბიჭის დედა დირექტორის მოადგილის დასჯასა და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება მშობლის ახალ ბრალდებებს, სავარაუდოდ, დისციპლინური წარმოება ამ საკითხზეც დაიწყება.

სკოლის დირექტორის მოადგილეს მშობელი პირველკლასელზე ძალადობაში ადანაშაულებს

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური