GE

„მოვუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კარგად გაეცნონ სკოლის მასწავლებლების განწყობებს“ – თსუ-ის რექტორი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს და სავალდებულო საგნების ნუსხას მაპროფილებელი საგნები უნდა დაემატოს.

ამის შესახებ უნივერსიტეტების რექტორები 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდეც საუბრობდნენ, თუმცა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პანდემიის მიზეზით, მკვეთრ ცვლილებებზე უარი თქვა და 2021 წლის გამოცდებთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია აქვს.

უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში გეოგრაფიის დამატებასაც ითხოვენ – სამინისტროს პოზიცია

„ჩვენი მოსაზრება არის უცვლელი, არ შეიძლება ასე, აუცილებელია მათემატიკას, რომელიც განსაზღვრავს რაღაც მიმართულებას, დაემატოს მაპროფილებელი საგნები, მინიმუმ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ადამიანი, რომელიც აბარებს ბიოლოგიის მიმართულებით უნდა იცოდეს ბიოლოგია. ქიმია უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც სურს, რომ გახდეს ქიმიკოსი, ფიზიკა უნდ იცოდეს ფიზიკოსმა. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც გავაცანით სამინისტროს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს და იმედი გვაქვს, რომ წელს ეს შეიცვლება.

“რა შუაშია აბიტურიენტების ნერვიული მდგომარეობა? პირიქით, მე მგონია შემსუბუქებაა, არჩევანი უნდა მივცეთ მეტი. ვისაც უნდა ჩაბარება მაგალითად მათემატიკით, კი ბატონო ჩააბაროს მათემატიკით, ვისაც უნდა ბიოლოგიით, ჩააბაროს ბიოლოგია. არსებული სიტუაციით გამოდის, რომ ბიოტექნოლოგიაზე შეიძლება ჩააბარო ისტორიით, ბევრი რაღაც არის გასასწორებელი, მერე ეს სხვათა შორის ხარისხზე აისახება. გარდა უნივერსიტეტების პოზიციისა, მე მოვუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კარგად გაეცნონ იმ განწყობებს, რაც აქვთ სკოლის მასწავლებლებს. რა ხდება სკოლაში? ხომ არ ხდება დევალვაცია ამ საგნების? ხომ არ ხდება ისე, რომ რადგან არ არის მოთხოვნილი უმაღლესში გამოცდებზე, ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას არ აქვს ის ფასი, რაც უნდა ჰქონდეს? ეს არის მოსაფიქრებელი ძალიან კარგად და არ მგონია, რომ დიდი ნეგატიური გავლენა იქონიოს აბიტურიენტებზე, მით უმეტეს, თუ არჩევანის საშუალებას მისცემენ. დარწმუნებული ვარ, უკეთესი და უფრო მომზადებული აბიტურიენტები შემოვლენ ამ მიმართულებებზე“, – აცხადებს გიორგი შარვაშიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის ფონზე, აბიტურიენტები ცვლილებებს მტკივნეულად აღიქვამენ. „აბიტურიენტებისთვის უფრო მეტი სტრესი იქნებოდა, რომ გარკვეულწილად გამოცდის ფორმატი ან შინაარსობრივი მხარე შეგვეცვალა, თითოეულ ცვლილებაზე ისინი ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ“, – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

არსებული წესებით, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აბიტურიენტები სამ სავალდებულო საგანს აბარებენ ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია ან მათემატიკა. განსხვავებული სქემა არსებობს სამედიცონო მიმართულებაზე და ასევე უნივერსიტეტების ნაწილში გარკვეულ ფაკულტეტებზე მოსახვედრად აბიტურიენტებს არჩევითი საგნების ჩაბარებაც უწევთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური