GE

„მოზარდისთვის გაჯეტის აკრძალვა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალიან ცუდად მუშაობს“

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეულმა სიტუაციამ ბავშვების ელექტრონულ მოწყობილობებთან დამოკიდებულების პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა, თუმცა სპეციალისტი გამოსავალს აკრძალვაში ვერ ხედავს. ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მშობლებისთვის და მოზარდებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა.

„პანდემიის სიტუაციამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს პრობლემა და ბავშვები გახადა ბევრად უფრო დამოკიდებული ონლაინ სივრცეზე და თამაშებზე. ძალიან აიწია მაჩვენებელმა გაჯეტზე დამოკიდებულების და საერთოდ, ადიქციური ქცევის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს მშობელთა ჩართულობა კონკრეტულად ამ მიმართულებით. თუმცა ზოგჯერ სახეზეა ხოლმე ინფორმაციის დეფიციტი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად უნდა გახდეს სახელმწიფოს ვალდებულება – მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, იქნება ეს სკოლაში თუ სხვადასხვა სივრცეებში, სადაც ჩვენ ვხვდებით მშობლებს. ეს ინფორმაცია უნდა  გახდეს ხელმისაწვდომი მათთვის,  იმიტომ, რომ აკრძალვა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალიან ცუდად მუშაობს.

„უმჯობესია, თუკი ბავშვები იქნებიან გათვითცნობიერებულნი იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც თან სდევს ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ონლაინ თამაშებსა თუ აქტივობებს. ამიტომ, მე მგონია, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. აქ ვხედავ ძალიან დიდ როლს მშობლებისა, თუმცა მშობელი არ უნდა დარჩეს მარტო და ჩვენი ყველას საზრუნავი უნდა იყოს, როგორ გავზარდოთ მათი ცნობიერება“, – აცხადებს ფსიქოთერაპევტი.

ამავე თემაზე:

„არანაირი კორონავირუსი ბავშვს ისეთ ზიანს არ მიაყენებს, როგორც ონლაინ თამაშები“

გვჭირდება თუ არა გაჯეტები სკოლებში – გამოყენების სტატისტიკა და რეკომენდაციები მშობლებს

„არ შეიძლება მე-5 და მე-6 კლასელი ბავშვი ბევრ წრესა და მასწავლებელთან დადიოდეს“ – პედიატრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური