GE

მშობელი: „დამრიგებელმა გვითხრა, რომ საახალწლო ზეიმი სამინისტროს მოთხოვნით არ გაიმართება და ვერც ვხედავ საჭიროებას“

წინასაახალწლო პერიოდი და სამზადისი არც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაა უცხო, საახალწლო ზეიმები ბაღებსა თუ სკოლებში თვის მიწურულს უკვე აქტიურ ფაზაში შედის. მშობლების ჯიბეს კი უმეტესად მძიმე ტვირთად აწვება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს.

ზეიმისთვის მოსამზადებელი სია კი დაახლოებით ასეთია: ზეიმის, ფული, ვიდეოს, ფული, ფოტოგრაფის ფული, მასწავლებლის საჩუქრის ფული, დირექტორის საჩუქრის ფული, ფორმის ფული, იმის ფული, ამის ფული, ფული, ფული, ფული… დაუსრულებლად გრძელდება.

თუმცა როგორც ჩანს, არსებობს გამონაკლისები, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-3 კლასში საახალწლო ზეიმი არ ჩატარდება. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, კლასის დამრიგებელმა უთხრათ, რომ განათლების სამინისტროს მოთხოვნით ზეიმი არ გაიმართება.

„ჩემი შვილი მესამე კლასშია და წინასაახალწლო ზეიმი წელს არ ექნებათ. კლასის დამრიგებელმა გვითხრა, რომ განათლების სამინისტროს მითითებით არ გამართავთ ზეიმსო. სიმართლე გითხრათ, ვერც ვხედავ ამის საჭიროებას, კლასში არიან ბავშვები, რომელთა ოჯახებისთვის, ეს თითქოს მცირე თანხა, რაც ზეიმისთვის, საჩუქრებისთვის და ა.შ. გროვდება, რთული გადასახდელია. ხშირად მშობლებს შორის უსიამოვნებაც ხდება ამის გამო. წელს ე.წ. „სეკრეტ სანტა“ ითამაშეს კლასში, რომელშიც მასწავლებელიც იღებდა მონაწილეობას და ჩემს შვილს შეხვდა, რა თქმა უნდა, საჩუქარი ვაჩუქეთ. ძალიანაც კარგი, თუ ზეიმი არ იქნება“, – აცხადებს მე-3 კლასელის მშობელი.

ბავშვთა უფლებების დამცველები ზეიმებს ბავშვის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევენ. მათი აზრით, საქართველოს რეალობაში დამკვიდრებულ სასკოლო და ბაღის ზეიმებს ძალიან ბევრი ნაკლოვანება გააჩნია და მიუხედავად ერთმნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა, ამ ტიპის ზეიმები საზოგადოებაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა და მათი პრობლემურად წარმოჩენა თითქმის არ ხდება.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური