GE

მშობლები სკოლიდან იმ 3 მოსწავლის გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მე-7 კლასელ ბიჭზე იძალადეს

გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მშობლები იმ 3 მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მეშვიდე კლასელზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

შემთხვევა 2017 წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაწყო, თუმცა ამ დრომდე სკოლას მოსწავლის დაჩაგვრის ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მშობლების თქმით, სამი პირი მათ მე-7 კლასელ ბიჭზე ძალადობს, ფიზიკურად უსწორდება და აიძულებენ აღიაროს ის ქმედება, რომელიც მას არ გაუკეთებია.

„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. უნდათ რომ სახელი გაუტეხონ და უკეთებენ ასეთ რაღაცას. ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი, სოფო ბურდული.

ძალადობის მსხვერპლის დედა აცხადებს, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეს თანასკოლელები თანხის მიტანასაც სთხოვდნენ.

გარდაბნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ დირექტორი ამ დრომდე ოჯახს არ შეხვედრია. შეხვედრა მხოლოდ აქციის შემდეგ დაიგეგმა და მშობლები სკოლის დირექტორს ამ წუთებში ხვდებიან.

„მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში ვითომ არაფერი არ დაუშავებიათ. ეს ალბათ არც მშობლებზე არ იმოქმედებს და არც არიგენებ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“-აცხადებს ლალი ჭოველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

მოზარდების ძალადობრივი ვიდეოს გავრცელებას განათლების სამინისტრო ეხმაურება

წყარო: rustavi2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური