GE

მთავარი მიზანი და დიდი ცვლილებები ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი რექტორისგან

„ჩემი მთავარი მიზანია ქუთაისის უნივერსიტეტის პრესტიჟის გაზრდა, სტუდენტების და აკადემიური სექტორის განვითარება და  სასწავლებელში დაგეგმილი ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება“ – აცხადებს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, დავით თვალთვაძე.

ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ქუთაისის 2002 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ქუთაისის საავიაციო სარემონტო ქარხნის ყოფილი დირექტორი, დავით თვალთვაძე, რომელიც ამ დროისთვის  მცირე ბიზნესსაც უძღვება, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი რექტორი EDU.ARIS.GE-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  ამ თანამდებობაზე მუშაობას ის ერთი წლის ვადით დათანხმდა. სწორედ ამ პერიოდში უნდა გაიაროს ქუთაისის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია. დავით თვალთვაძის თქმით, სასწავლებელში სამუშაო ბევრია, თუმცა აკადემიური სივრცისადმი მისი დიდი სიყვარულისა და ნოსტალგიის გამო, მზად არის გამოწვევა მიიღოს.

–ბატონო დავით, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქუთაისის უნივერსიტეტი?

–ქუთაისის უნივერსიტეტის მთავარი გამოწვევა არის აქ მიმდინარე პროცესი, ეს პროცესი ეხება ავტორიზაციას. მომავალი წელი ქუთაისის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია გავიაროთ ავტორიზაცია.  გარკვეული სამუშაო ამ მიმართულებით არის განხორციელებული, თუმცა ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებული დამხვდა, რევიზიას საჭიროებს. საქმე ეხება ქუთაისის უნივერსიტეტის პრესტიჟს, აკადემიურ სექტორს და სტუდენტებს. მე ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევას ჩვენ აუცილებლად წარმატებით გავივლით. დანიშვნის შემდეგ სწორედ ამაზე ვარ ორიენტირებული, რადგან 2018 წლის თებერვალში ყველა დოკუმენტაცია უნდა წარვადგინოთ.

ბატონო დავით, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა, რომლითაც გსურთ განავითაროთ ქუთაისის უნივერსიტეტი?

–ავტორიზაციის წარმატებით გავლა რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ეს ეხება აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

უმაღლესი განათლების კუთხით მოთხოვნები გაიზარდა.  უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სტუდენტების მომზადების დონის ამაღლება. ქუთაისის უნივერსიტეტში 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ჩემი სურვილია, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ისწავლონ, ჰქონდეთ აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო, ყოველდღიური ურთიერთობა და მეტი დრო გაატარონ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში შექმნილია ყველა პირობა სტუდენტებისათვის, არსებობს თავისუფალი სივრცე, გაკეთდა შემოქმედებითი ლაბორატორია. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა ლექტორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ სწავლების მეთოდების სრულყოფისათვის, ამიტომ ვგეგმავ,  ახალი მეთოდების დანერგვას სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

ბატონო დავით თუ არის დაგეგმილი ცვლილებები აკადემიურ სექტორში?

 –ცვლილებები ნამდვილად იგეგემება. „აფილირების ხელშეკრულების“  ფარგლებში მაქვს გასაუბრებები ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან. მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტთან აფილირებულ პერსონალს სხვა სასწავლებელთან გარკვეული შეზღუდვებით თანამშრომლობა მოუწევთ. აფილირებული თანამშრომლები იმუშავებენ ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით სამეცნიერო კვლევებზე და ნაშრომებზე და ა.შ. შესაძლოა, გარკვეული საათები ჰქონდეთ სხვა უნივერსიტეტში, თუმცა ესეც მკაცრად არის რეგლამენტირებული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენთან  აკადემიურ თანამდებობაზე მომუშავეთა რიცხვი შემცირდეს.  სწორედ ამიტომ პარალელურად ვეწევით მოლაპარაკებებს  იმისთვის, რომ მოვიწვიოთ ლექტორ-მასწავლებლები სხვა ინსტიტუტებიდან და მოხდეს ახალი კადრების დამატება. ეს გადაწყდება რამდენიმე დღეში, ვინ დაგვტოვებს და ვინ დარჩება ჩვენთან. ბევრს შესაძლოა ეშინია, რომ ჩვენ ავტორიზაციის პროცესს  წარმატებით ვერ გავივლით და სურს  სასწავლებლის არჩევა. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება მალე.

–იგეგმება თუ არა ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში?

–ამ დროისთვის ქუთაისის უნივერსიტეტეში 7 საგანმანათლებლო პროგრამა  გვაქვს. აქედან 3 ბაკალავრიატი, 2 მაგისტრატურის და 2 დოქტორანტურის არის, თუმცა უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სადოქტორო პროგრამას ვაუქმებთ. ფინანსების სადოქტორო პროგრამას უკვე ეწურება აკრედიტაციის ვადა, ასევე ფინანსების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების გარკვეულ დეფიციტს განვიცდით.   მე დიდი სურვილი მაქვს, ქუთაისის უნივერსიტეტში იყოს სამართლის ფაკულტეტი. ასეთი სპეციალობის არსებობა საკმაოდ წამოწევს წინ ამ უნივერსიტეტის სტატუსს.  მაგრამ რამდენად სწრაფად მოხდება ეს არ იცი, რადგან ახალი სპეციალობის აკრედიტაცია და ასევე უნივერსიტეტის ავტორიზაცია ერთად, რთული პროცესი იქნება, თუმცა ამ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ.

–გარდა სწავლის ხარისხის ამაღლებისა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია დასაქმება, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

–ამ მიმართულებით ვგეგმავ აქტიურ მუშაობას. მომავალ დამსაქმებლებთან გვექნება  შეხვედრები. საფინანსო თუ ტურიზმის მიმართულებით ქუთაისში არის კომპანიები, რომლებიც ინტერესდებიან ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებით. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ბანკებთან და ა.შ. რომ მოხდეს ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება

–და ბოლოს რადგან დათანხმდით საწყის ეტაპზე ერთი წლის განმავლობაში იყოთ ამ უნივერსიტეტის რექტორი, როგორს ხედავთ ქუთაისის უნივერსიტეტს ერთი წლის შემდეგ?

–ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება ერთ-ერთი პერსპექტიული უნივერსიტეტი. მე ვეცდები ყველანაირად, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი იყოს ნამდვილად წარმატებული სასწავლებელი.

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის, დავით თვალთვაძის თქმით, ის სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრას გეგმავს. „აუცილებლად შევხვდები სკოლის მოსწავლეებს, მინდა მათ პირადად ვუთხრა, რომ არჩევანი გააკეთონ ქუთაისის უნივერსიტეტზე, სადაც ისინი ხარისხიან განათლებას მიიღებენ“, – განუცხადა დავით თვალთვაძემ EDU.ARIS.GE–ს.

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური