GE

მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს ქმნის

“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.

ქვეყანაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო იქმნება, რომელიც რამდენიმე უწყების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდება. ახალი ორგანიზაცია მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ იქნება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ განაცხადა, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის -ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

“წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ფიქრობს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს და ახალგაზრდების საქმიანობაში ჩარევას ისახავს მიზნად.

“პრობლემა არის შემდეგი: აი ეს მიმართულება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვენამდე და თქვენს დროსაც, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ეს პოლიტიკური მიზნები იყო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების, პოლიტიკურად ახლო მდგომი სტუდენტების მომსახურება და სხვა რაღაცები. ეს მთავრობას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტებს პრობლემების გარდა სხვას არაფერს უჩენდა. ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში. როდესაც იწყებ ჩარევას, 1%-ს უკეთებ ფორსირებას, უზრუნველყოფ თანხებით და ასე შემდეგ, შენიანი, სხვისიანი – ყველა არის უკმაყოფილო და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი წაქეზებული ცუდი რაღაცებისთვის“, – განაცხადა სერგო რატიანმა, კომიტეტის სხდომაზე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური