GE

მთავრობა დღეს დამატებითი რეგულაციების დაწესებასა და უქმე დღეების შესახებ იმსჯელებს

დაწესდება თუ არა დამატებით ისეთი რეგულაციები, რომელიც საგანმანათლებლო სექტორსაც შეეხება, დღეს გამართულ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე გახდება ცნობილი.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების აგრესიული მატების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულდება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.

მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომლებიც იქნება ეფექტური და რომლებსაც გამოვიყენებთ. უქმე დღეებთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს საბჭო, თუ რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით კი, მთავარი ბერკეტი მობილობის შეზღუდვაა.

“მობილობის შეზღუდვა არის ჩვენთვის მთავარი ბერკეტი. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა, ისევ დადგეს საკითხი, გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების და ვიცით, რომ აქამდეც იყო გარკვეულ ადგილებზე. ფართომასშტაბურ ლოკდაუნზე საუბარი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში გუშინ 1800-მდე დაინფიცირების ახალი ფაქტი გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი; ამჟამად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება. მნიშვნელოვნად გაზრდილია დადებითობის პროცენტული მაჩვენებელიც.

ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური