GE

მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტზე საუბარი დაიწყო – რა გათვლები აქვთ განათლების მიმართულებით

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ ღია სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა თავიანთი მიმართულებების მიხედვით, ზოგადი თეზისები და გათვლები წარმოადგინეს. როგორც სხდომაზე ითქვა, პროექტი დღევანდელი განხილვის შემდეგ უკვე პარლამენტს უნდა წარედგინოს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტში განათლების სფერო კვლავ რჩება მთავრობის მთავარ პრიორიტეტად და აქცენტი ძირითადად მასწავლებლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გაკეთდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარმოადგინა ბიუჯეტის ზოგადი მონახაზი, რომლითაც სამინისტრო 2020 წელს იხელმძღვანელებს.

სამინისტროს გეგმაში ბიუჯეტის პრიორიტეტები სამ ნაწილადაა გაყოფილი: ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი სახელმძღვანელოები და მასწავლებლები.

გეგმის მიხედვით, ჯამში განათლების მიმართულებით ბიუჯეტი 130 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს.

მიხეილ ბატიაშვილმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი და დასძინა, რომ ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული მათი კვალიფიკაციასა და ზრდასთან.

„მიმდინარე წლის შემოდგომაზე მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება 150 ლარით და მომავალ წელს, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ხელფასების ასევე 150 ლარით ზრდა. დღევანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, პედაგოგის ხელფასი დღევანდელთან შედარებით ჯამში 300 ლარით გაიზრდება, ეს პირდაპირ დაკავშირებულია მათ კვალიფიკაციასთან, ზრდასთან რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება შემდეგ წლებში და ვფიქრობთ, რომ გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ღირსეულ ანაზღაურებას იღებენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც სხდომაზე ითქვა, საშუალოდ 100 ლარით უნდა გაიზარდოს ბაღის მასწავლებლების ანაზღაურება და ასევე, 2020 წლის გაზაფხულიდან, უნდა გაიზარდოს პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ანაზღაურება, რაც მინისტრის განმარტებით, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 50%-იანი ზრდა იქნება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური