GE

მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან განათლების რეფორმისთვის 90 მილიონი ევრო ისესხა

განათლების სფეროში დაგეგმილი კომპლექსური ცვლილებების განსახორციელბალად, საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკისგან 90 მილიონი ევროს სესხს იღებს.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად 90 მილიონი ევროს ოდენობით სასესხო ხელშეკრულებას  ხელი უკვე მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.

„მოგეხსენაბთ მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. პირველივე დღეებიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და მათი მისიის წარმომადგენლებთან. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. კონკრეტულად კი ძირითადი რესურსი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, სკოლების რეაბილიტაციაში. მოგეხსენაბთ, რომ დღეს სკოლები საჭიროებენ განახლებასა და ინსფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას. გარდა ამისა, ეს რესურსი ასევე მოხმარდება განათლების სფეროს სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის უმაღლეს და სკოლამდელ განათლებას. მიმდინარე კვირა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იცით, რომ 4 დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოელივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება“, – განაცხადა განათლების, მეცნეირების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;

სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;

პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის ქვეყნის მომზადებას შეუწყობს ხელს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური