GE

მთავრობას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების ძველი პრინციპით განსაზღვრის შესაძლებლობა კიდევ გადაუვადდება

მთავრობას სახელმწიფო სასაწავლო გრანტის მაქსიმალური და მინიმალური ოდენობების განსაზღვრის ვალდებულება 2022-2023 წლამდე გაუხანგრძლივდება. აღნიშნულს გულისხმობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც განათლების კომიტეტს 1-ელ დეკემბერს წარუდგინა და დღეს უკვე მეორე მოსმენით დაუჭერენ მხარს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიდრე საკითხს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე დააყენებდა, აღნიშნა, რომ არსებული წესი, გადავადების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემის შემოღებამდე იმოქმედებს.

„გეტყვით არსს ამ დებულების, რომელიც 2005 წლიდან ჩადებულია კანონში, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლო გრანტი, რომელიც შეადგენს 2 250 ლარს, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვალდებული არიან, რომ სწორედ ეს იყოს პროგრამის საფასური და ამაზე მეტი არ იყოს. ეს შეზღუდვა არის ამ კანონით დაწესებული და დროებითია იმიტომ, რომ უკვე რამდენჯერმე არის ეს გადავადებული. ეს არის წესი, რომელიც იქნება მანამ, სანამ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემა იქნება შემოღებული… ჩვენ ვავადებთ ამ შეზღუდვას იმ დათქმით, რომ 2022 წელს ახალი სისტემა უნდა მივიღოთ და მისი დანერგვა დავიწყოთ მომავალი წლის შემოდგომიდან შეძლებისდაგვარად. ეს გადავადება ჩვენც ასე გვესმის, რომ იქნება ბოლო გადავადება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი მთავრობას სახელმწიფო გრანტის ოდენობების განსაზღვრას 2021 წლის ჩათვლით ავალდებულებს და ამ ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

„საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური და მინიმალური ოდენობები და ეს ვალდებულება დადგენილია 2021 წლის ჩათვლით. წარმოდგენილი კანონპროექტით, შემოთავაზებულია, რომ ეს ვალდებულება გადაიწიოს კიდევ ერთი წლით – 2022 2023 სასწავლო წლის ჩათვლით. ამავდროულად, განსაზღვრულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულება, ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების საფასური უნდა შეუთავსონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას, ანუ არ უნდა აღემატებოდეს ამ თანხას, რითაც დაცული იქნება სტუდენტების ინტერესები და ამავდროულად, განსაზღვრულია, რომ თუკი, დადგება დღის წესრიგში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურის უფრო მაღალი საფასურის განსაზღვრა, ვიდრე ეს არის სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უნივერსიტეტებს ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით“, – განაცხადა გობრონიძემ.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონმდებლები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას კენჭს მეორე მოსმენით დღეს, 2 დეკემბერს უყრიან.

განახლდა 02/12/2021 16:15
კანონპროექტს, დღეს ჯერ კომიტეტმა დაუჭირა მხარი მეორე მოსმენით, ხოლო პლენარულ სხდომაზე, საკითხი პირველი მოსმენით გავიდა და მხარდაჭერილია უმრავლესობისგან.

ასევე იხილეთ:

მინისტრის საათი პარლამენტში და მთავარ თემაზე ისევ მდუმარე მიხეილ ჩხენკელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური