GE

„მთის ფაკულტეტზე რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გარკვეული რაოდენობის ლიმიტი უნდა გამოიყოს“

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელებში გაივლიან. ამის შესახებ იმ მემორანდუმშია საუბარი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა.

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა სტუ-ის ადმინისტრაციას შესთავაზა, რომ თიანეთში არსებულ 90-იან წლებში აშენებულ კოლეჯს ახალი დატვირთვა მიენიჭოს და ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალად ჩამოყალიბდეს. მერს ასევე აქვს იდეა, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გარკვეული რაოდენობის ლიმიტი გამოყოს.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ყალიბდება. ვინაიდან ფაკულტეტზე სწავლება არ უნდა იყოს მხოლოდ თეორიული, თიანეთის მუნიციპალიტეტი მთლიანად არის მთის კანონის დაფარვის ზონაში, ყველა სოფელი, ყველა დასახლებული პუნქტი. პირველი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის აბიტურიენტების მიღების წესი ფაკულტეტზე. მთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის უნდა გამოიყოს ლიმიტები, რათა მათ გარკვეული რაოდენობის სტუდენტების მომზადების საშუალება მიეცეთ. მეორე – სტუდენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, პირველივე კურსიდანვე პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ. სტუდენტი, სწავლის პროცესთან ერთად, მთაში მიმდინარე პროცესებთან უნდა ინტეგრირდეს, რაც თავისთავად, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. მათ თავიდანვე უნდა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ და სად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ თიანეთში მთის ფაკულტეტის მოსამზადებელი ფილიალი ან კოლეჯი ჩამოყალიბდება. ამ მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტს შეგვიძლია შევთავაზოთ თიანეთის კოლეჯი, საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც არ არის დატვირთული, თიანეთში არსებული კოლეჯი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე ირიცხება. გარდა ამისა, კოლეჯის შენობა შესაძლებელია გამოვიყენოთ სტუდენტური პრაქტიკისთვის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მთის ფაკულტეტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი გამოუყო, რისი საშუალებითაც ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა მზადდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური