GE

მუშაობის რა ეტაპზეა რელიგიების ისტორიის საგანზე მომუშავე ჯგუფი და როდის დაიწყება სწავლება სკოლაში?

საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლების საკითხი ჯერ ისევ გადასაწყვეტია. საკითხზე აქტიური საუბარი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თუმცა რელიგიების ისტორიის საგნის კონცეფციაზე სამუშაოდ შექმნილმა ჯგუფმა ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა. როგორც EDU.ARIS.GEს ჯგუფის წევრებმა უთხრეს, სამუშაო პერიოდი სამ ეტაპად იქნება დაყოფილი. ამჟამად კი ჯგუფში მხოლოდ სხვადასხვა რელიგიის, კონფესიებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

სამუშაო ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კადრების ნაკლებობის შემთხვევაში საგანი საპილოტე რეჟიმის ფარგლებში, თავდაპირველად, თბილისის სკოლებში ისწავლებოდეს და მისი შეტანა რეგიონებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში რელიგიების ისტორიის საგნის შეტანის ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხზე საუბარი თუ როგორ უნდა მომხდარიყო საგნის სწავლება, რომელიმე საგნის მასწავლებელს უნდა ესწავლებინა თუ სასულიერო პირები უნდა შესულიყვნენ სკოლაში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი, განათლების სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელმაც რელიგიების ისტორიის საგნის კონცეფციაზე უნდა იმუშაოს.

ისიც ითქვა, რომ საგანი, სავარაუდოდ, VII, ან უფრო მაღალ კლასში, მას შემდეგ შევა, რაც სამინისტრო საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის წიგნების გრიფირების პროცესს დაასრულებს, ანუ 2020-2021 სასწავლო წლიდან.

როგორც საქართველოს ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას აცხადებს, კონკრეტული საკითხების განხილვა სამუშაო ჯგუფს ჯერ არ დაუწყია, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრები ინტენსიური იქნება.

„ჯერ–ჯერობით მუშაობის ფორმატზე ვჯერდებით, კონკრეტული საკითხების განხილვა არ დაგვიწყია. მაგრამ, როგორც ჩანს, შეხვედრები ძალიან ხშირად იქნება. ფაქტობრივად კვირაში ერთხელ ხდება შეხვედრა. ამასთან, განსაზღვრული არ არის, სამუშაო ჯგუფის დრო თუ რამდენი ხანი უნდა ვიმუშაოთ და როდისთვის უნდა გვქონდეს მზად კონკრეტული ჩამოყალიბებული კონცეფცია, თუმცა განსაზღვრული გვაქვს სამუშაოს ეტაპები.

„პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ რელიგიებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლები, რათა შევთანხმდეთ ზოგად მიდგომებსა და კონცეფციებზე. მეორე ეტაპზე ეს წრე უფრო ფართოვდება და უკვე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ფსიქოლოგები, განათლების მკვლევარები, რომლებიც ჩვენს მიერ წარმოდგენილ დაუმუშავებელ მასალას უკვე კონკრეტულ ფორმას მისცემენ.

მესამე ეტაპზე, როცა ეს ყველაფერი რაღაც კონკრეტულამდე მივა, უკვე სამსჯელოდ გავა უფრო ფართო სპექტრისთვის“, – აცხადებს გოცირიძე.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ სამუშაო ჯგუფში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი და განათლების სამინისტროა. მისივე თქმით, გადაწყვეტილია ისიც, რომ თითოეული კონფესიიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი იყოს, რის შემდგომაც უკვე სამუშაო ეტაპზე გადავლენ.

„საინტერესო და კარგი ის არის, რომ ეს საგანი აუცილებელი, კარგი და საჭიროა, რელიგიების ისტორიის სახელით იქნება თუ სხვა ფორმულირებით და ამაზე ყველა თანხმდება. ყველას აქვს სურვილი ამ საგნის ჩამოყალიბების შექმნისა და შემდგომში სწავლების, რაც მისასალმებელია.

„სამუშაო შეხვედრა კვირაში ერთხელ არის, ყოველ შემთხვევაში 2 შეხვედრა უკვე ჩატარდა. მომავალ კვირას კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული. სამუშაო ჯგუფის ფორმირების შემდეგ კი უფრო აქტიური გახდება შეხვედრები“, – აცხადებს ვაშაყმაძე.

იმის გამო, რომ სამუშაო შეხვედრები ჯერ კიდევ არ გადასულა საკითხის აქტიური განხილვის რეჟიმში, ჯგუფის წევრებს არც იმაზე უსაუბრიათ თუ ვინ უნდა იყოს რელიგიების ისტორიის საგნის მასწავლებელი, თუმცა როგორც  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე გვეუბნება, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებელი არ იქნება და კლასში ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგი შევა.

„ეს სამუშაო პროცესის მეორე ეტაპია. საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემაა, თუ ვინ უნდა იყოს პედაგოგი და ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს ეს საგანი, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, მანამდე საჭიროა სამუშაო ჯგუფის ფორმირება, შემდგომ კურიკულუმის, პროგრამისა და წიგნზე მუშაობა, ამაზე შეთანხმება. უკვე შემდგომ გადავალთ იმის განხილვაზე, თუ ვინ უნდა შევიდეს საგნის სასწავლებლად.  ეს ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო საკითხია, მაგრამ ასე უცებ ეს ვერ გადაწყდება. არც ის არის გამორიცხული პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმის სწავლება იყოს და მხოლოდ თბილისში დაინერგოს  საგნის სწავლება, თუკი საქართველოს მასშტაბით ამდენი კადრი არ იქნება და შემდგომ ეტაპობრივად გადავიდეს ყველაგან. ვნახოთ, ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი, დროის ფაქტორი, კადრების ამბავია და ზეპირად ამაზე საუბარი ძნელია. თუმცა ის რომ ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი არ იქნება რელიგიების ისტორიის პედაგოგი ამაზე წინასწარ შეთანხმებულია ყველა, ეს იქნება ჰუმანიტარული დარგის მიმართულების პედაგოგი და ამაზე შევთანხმდებით“,- აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.

ამავე თემაზე:

ინსტიტუციური მეხსიერება (რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზეც) უნდა არსებობდეს

ვინ ასწავლის რელიგიების ისტორიას და როდის შევა საგანი სკოლებში – დეტალები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური