GE

„მხოლოდ დაზეპირების პრინციპით ეფექტურ შედეგებს ვერ ვიღებთ“

„სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დირექტორი მარინა უშვერიძე, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დაზეპირების პრინციპით მიღებული ცოდნა თანამედროვე რეალობაში, ეფექტური არ არის.

„გამოცდებთან და სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებაში არის დებატები. არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ გამოცდით, მხოლოდ დაზეპირების პრინციპით და მხოლოდ დეკლარირებული ცოდნის მიღებით, ეფექტურ შედეგებს ვერ ვიღებთ. როდესაც იმახსოვრებ ცარიელ ფაქტებს და მოვლენებს, მაგრამ არ აკეთებ ამის ანალიზს, თანამედროვე ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ეს არის ნაკლებ ეფექტური მეთოდი. უფრო ეფექტურია, რასაც ყოველდღიურად შევიმეცნებთ გადავიტანოთ პრაქტიკაში. ეს არის ის, რაც შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში გამოგვადგება. სამოქალაქო განათლების პროგრამა მრავალი წელია აკეთებს ამ აქცენტებს და ეს არის ჭკვიანური და დღევანდელ რეალობაზე მორგებული მიდგომა.

„ჩვენ ვმუშაობთ სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთელი საქართველოს მასაშტაბით, 230 სკოლასთან და ჩვენი მთავრი აქცენტი არის კეთებით ანუ ქმედებით სწავლება. გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მოზარდებისთვის და ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. ეს შეიძლება იყოს: ჯანსაღი ცხოვრების წესი, თანატოლთა შორის ძალადობის პრობლემა, ეკოლოგიური პრობლემები, კიბერდანაშაულის პრობლემა და ა.შ. უამრავი ისეთი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენ ახალგაზრდებს აწუხებს. ისინი თავად ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა, უკავშირდებიან შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მართავენ პრეზენტაციებს და ვფიქრობ, ეს მათ ძალიან დაეხმარება აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში“, – აცხადებს მარინა უშვერიძე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური