GE

„მხოლოდ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების საქმე არ უნდა იყოს პატრიოტულ თემებზე დისკუსიების გამართვა“

განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ომის, განათლებისა და საქართველოს შესახებ საკუთარ პოზიციას აქვეყნებს და ამბობს, რომ ჩვენი სკოლების ერთი მიზანი, სამეცნიერო ცოდნის საფუძვლების, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარების და ღირებულებითი განათლების პარალელურად, უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვისთვის მომავალი თაობების მომზადება და სამხედრო საქმისთვის სკოლის წარმატებული მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა.

„მსოფლიოს არ ჰქონია 100 წლიანი მშვიდობის პერიოდი, შეიძლება იყო და მე არ ვიცი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ რეგიონში, ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დიპლომატია, პოლიტიკური და სამხედრო ალიანსები. ნატო და ევროკავშირი იდეალური შესაძლებლობაა ჩვენთვის, იდეალური იქნებოდა რეგიონში (საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი) მეტი ინტეგრაცია, მეტი ერთიანობა. მაგრამ სანამ სომხეთი და აზერბაიჯანი არ მოაგვარებენ პოლიტიკურად ურთიერთობას, წარმოუდგენელია… წარმოუდგენელია საქართველოში მშვიდობა, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არის რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლის ყველაზე სასტიკი ინსტრუმენტი. ცხადია, რუსეთის დასუსტება (სასურველია, ბოროტების იმპერიის განადგურება) გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირველი ნაბიჯი.

ამ ცოდვილ დედამიწას 100 წლიანი მშვიდობაც არ ღირსებია, საქართველოს ისტორია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლებისთვის ბრძოლა (სამწუხაროდ, რადგან ძირითადად გადარჩენის რეჟიმში ვართ, თუ რამდენიმე საუკუნეს არ ჩავთვლით, როცა ერთმა დიდმა მეფემ ძლიერი საქართველოს შექმნა მოახერხა, განათლების სისტემის ხელახალი გააზრების დროა.

სამხედრო საქმის სკოლაში სწავლება, სამხედრო პატრიოტული აღზრდა, სამოქალაქო თავდაცვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია. ასევე, სამხედრო სექტორში დასაქმებული ადამიანების პრესტიჟის გაზრდაც, რომ იქ საქმიანობა მოუნდეთ სკოლების საუკეთესო კურსდამთავრებულებს, მიიღონ შესაბამისი განათლება საქართველოში და უცხოეთში.

საქართველოს თავდაცვისთვის, სუვერენული უფლების აღდგენისთვის სჭირდება მოქალაქეები, რომლებსაც უფრო მეტად ეცოდინებათ სამხედრო საქმე, უფრო უკეთ გაიაზრებენ ქვეყნის სამხედრო თავდაცვაში მოქალაქის როლს, ეცოდინებათ როგორ უნდა დაიცვან თავი, თუ მტერი შემოიჭრება, ვიდრე დღეს.

რთული რეგიონი, ომების ყველა საუკუნეში, გაუთავებელი ომების ისტორია და დღევანდელობა, და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის ორ საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება, რუსეთისგან პირველი სამწლიანი დამოუკიდებლობა და ახლა, უკვე დამოუკიდებლობის მეოთხე ათწლეული, საკმარისი უნდა იყოს, საქართველომ უფრო სერიოზულად შეხედოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, სამხედრო საქმე, სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, სამოქალაქო თავდაცვა.

მხოლოდ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების საქმე არ უნდა იყოს პატრიოტულ თემებზე დისკუსიების გამართვა. სამეცნიერო ცოდნის საფუძვლების, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარების, ღირებულებითი განათლების პარალელურად, ქვეყნის თავდაცვისთვის მომავალი თაობების მომზადება, სამხედრო საქმისთვის სკოლის წარმატებული მოსწავლეების მოტივაციის გაზრდაც უნდა იყოს ჩვენი სკოლების ერთი მიზანი.
მესმის, ძნელია გააზრება, რომ პატარა გოგო-ბიჭებს მოუწევთ ომებთან შეხვედრა, მაგრამ სამწუხარო მოცემულობაა და უფრო მეტად უნდა ვიყოთ მზად. ამ ქვეყნიდან ომის დროს და ომის მოლოდინში ყველა არ გარბის”, – წერს თამარ მოისაშვილი სოციალურ ქსელში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური