GE

„ნაეკი“ გამოცდების პროცესში მონაწილე თანამშრომლების ტრანსპორტირებაში 26 ათას ლარზე მეტს დახარჯავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2022 წელს დაგეგმილი გამოცდების პერიოდში, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებაში, 26 700 ლარს დახარჯავს. სატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც „ნაეკი“ მძღოლთან ერთად ქირაობს, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების რეგიონებში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო ხელშეკრულებას, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ 22 ივნისს მოაწერა ხელი.

„რუსთავის საგამოცდო ცენტრში თანამშრომლების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მარშრუტით: თბილისი-რუსთავი-თბილისი; დანარჩენ ქალაქებში თანამშრომლების გადაყვანა უნდა მოხდეს შემდეგი მარშრუტით: თბილისი-საგამოცდო ქალაქი (ქალაქებში მიყვანის მისამართები დამატებით ეცნობება მიმწოდებელს)“, – განმარტავს გამოცდების ცენტრი სატენდერო ხელშეკრულებაში.

ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 2022 წელს გამოცდები ტარდება, ასეთია: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ხულო, გორი, ახალციხე, თელავი, რუსთავი.

გამოცდების ცენტრის თანამშრომლებს თბილისიდან გამგზავრება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოუწევთ და თითოეულ საგამოცდო ქალაქში, ცენტრის თანამშრომლების ტრანსპორტირება ცალ-ცალკე სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდება.

მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე და ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობას „ნაეკი“ მთლიანად ტენდერში გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს.

ასევე იხილეთ:

რომელ ქალაქებსა და ცენტრებში ჩატარდება 2022 წლის ეროვნული გამოცდები – გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობისთვის კომპანიას ეძებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური