GE

ნელ-ნელა მივიწევთ ეპოქისკენ, რომელიც იქნება ციფრული – მე-11 კლასის მოსწავლე ხაშურიდან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

გიორგი ძამანაშვილი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ერთ-ერთია იმ სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში. იგი ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგებითა და მომავლის პროფესიებით?
ამ პროფესიით დავინტერესდი მაშინ, როდესაც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მთელი მსოფლიო. მეტრი დრო მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა სფეროებს და ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა უფრო მეტად. ფილმებითა და სხვადასხვა ვიდეოების ნახვით, დიდი ინტერესი გამიჩნდა პროგრამირების მიმართ და დავიწყე ამ პროფესიის უფრო ახლოს გაცნობა. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა უნილაბი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პროფესიის არჩევაში. როდესაც უფრო კარგად გავიგე, თუ რას ეხებოდა ზოგადად პროგრამირება, რას მოიცავდა და რამდენად საინტერესო იყო, მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი მომავლის პროფესია.

რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?
ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მხოლოდ წარმოდგენები თუ როგორი საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს.

საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?
უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ და ზოგადად, უნილაბის შესახებ გავიგე ილიას უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდიდან.

რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?
კურსის ფარგლებში ვისწავლე front-end-ის ძირითადი ენები და მათი პრაქტიკული გამოყენება, კონკრეტული დიზაინის შექმნა საიტებისთვის და შემდეგ კოდის დონეზე გადმოტანა და აწყობა.

რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?
ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ მიმართულებით, მიღებული ცოდნა ძალიან სასარგებლო იყო. ზუსტად მიღებული ცოდნის წყალობით მივხვდი იმას, რომ პროგრამირება არცთუ ისე ძნელია და ყველაფერს შეგიძლია მიაღწიო შრომის შედეგად.

რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?
ჩემი ფინალური პროექტი არის ფილმებზე, რადგან ვფიქრობ, რომ ფილმებით შეგიძლია გადმოსცე აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან ლამაზი და საინტერესო გზით.

რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?
მიღებულ ცოდნას მომავალში გამოვიყენებ, როდესაც დავიწყებ მუშაობას. ასევე ვაპირებ სხვადასხვა საიტების აწყობას, რომლებიც იქნება საინფორმაციო და საგანმანათლებლო.

რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21- საუკუნეში?
ნელ-ნელა მივიწევთ ეპოქისკენ, რომელიც იქნება ციფრული. ამ ციფრულ სამყაროში კი ადამიანი, რომელსაც ექნება ცოდნა პროგრამული ენების, ძალიან დიდ როლს ითამაშებს. გარდა ამისა, თუ გაინტერესებთ სფერო, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და თქვენც ყოველდღიურად გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პროფესიულად განვითარდეთ, მაშინ ეს სფერო თქვენთვისაა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური