GE

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „განათლების“ სადოქტორო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი მეორედ ეთქვა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „განათლების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის გავლის საფუძველზეც კურსდამთავრებულს განათლების მეცნიერებების დოქტორის წოდება უნდა მიენიჭოს, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი უკვე მეორედ ეთქვა.

საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარს აკრედიტაციის საბჭო იმ შემთხვევაში ამბობს, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ახალი სადოქტორო პროგრამა შეიმუშავა განათლების მიმართულებით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადით, პირველად 2020 წლის 28 თებერვალს მიმართა.

2020 წლის ივნისში უნივერსიტეტში დისტანციური ვიზიტის საფუძველზე, აკრედიტაციის ექსპერტებმა წარმოადგინეს დასკვნა, რომლის თანახმადაც: წარმოდგენილ პროგრამაზე სწავლების განვითარების შესაძლებლობები სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან; მიზანი, შედეგები, სტუდენტთა მიღწევები, სწავლების რესურსები მეტწილად პასუხობს მოთხოვნებს; სამაგიეროდ, სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, ასევე შეფასების ადეკვატურობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს პროგრამის აკრედიტაციაზე 2020 წლის ოქტომბერში უარი ეთქვა.

2020 წლის მიწურულს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართა და 2021 წლის მარტში სააპელაციო საბჭომ პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განსახილველად აკრედიტაციის საბჭოს დაუბრუნა.

თუმცა მას შემდეგ, რაც შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, საჩივარი და სააპელაციო საბჭოს შეფასებები, აკრედიტაციის საბჭოს მიერ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროგრამის შეფასება, რომელიც მოჰყვა 2021 წლის 13 აპრილის ზეპირ მოსმენას, პირველ ჯერთან შედარებით, კიდევ გაუარესდა.

„საბჭომ გაიზიარა ექსპერტთა დასკვნაში და აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 9 ოქტომბრის №998928 გადაწყვეტილებაში ასახული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითა და ზეპირი მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ შეფასება უნდა იყოს შემდეგნაირი: აკრედიტაციის პირველი სტანდარტი ნაცვლად „მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, მიზანშეწონილია შეფასდეს, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, ხოლო მეორე სტანდარტი ნაცვლად „მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ შეფასდეს, როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“, – ნათქვამია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებით, უარის თქმის საფუძველი გახდა პროგრამის სწავლების მეთოდოლოგიის, ორგანიზებისა და პროგრამის ათვისების შეფასების შეუსაბამობა სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან.

რეკომენდაციები და რჩევები (სულ 14 რეკომენდაცია და 5 რჩევა), რაც ექსპერტებმა გამოთქვეს პროგრამასთან დაკავშირებით, მოიცავს პროგრამის მიზნების განათლების მეცნიერებების კვლევებთან მეტად დაკავშირებას, აკადემიური პერსონალის შერჩევის კრიტერიუმების გადახედვასა და განათლების მეცნიერებებთან მეტ შესაბამისობაში მოყვანას, ენის საკვალიფიკაციო მოთხოვნის განსაზღვრას, რამდენადაც სწავლება პროგრამაზე ინგლისურად განხორციელდება, სადოქტორო ნაშრომთა ხელმძღვანელების, შემფასებლების კომპეტენციების, კვალიფიკაციების, გამოცდილებების დაზუსტებას, ბიუჯეტის კორექტირებას, შრომის ბაზრის კვლევის ჩატარებას, პლაგიატისგან თავის დაზღვევის პროცედურების განსაზღვრას და ა.შ.

აკრედიტაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძეც. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ უნივერსიტეტი არ იზიარებს აკრედიტაციის საბჭოს შეფასებებს. მეტიც, დავით კერესელიძის განცხადებით, აღნიშნული პრინციპის საკითხია და უნივერსიტეტს სურს დაამტკიცოს, წარმოდგენილი პროგრამები აკრედიტაციას ყოველგვარი პირობის გარეშე იმსახურებს. თუმცა ხანგრძლივი განხილვის, შენიშვნებთან, რჩევებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, საბჭომ არ გაიზიარა უნივერსიტეტის პოზიცია და კენჭისყრის შედეგად, 15 ხმით ერთის წინააღმდეგ, უარი თქვა პროგრამის აკრედიტაციაზე.

მკითხველს შევახსენებთ, რომ აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას; ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 27 აპრილიდან შევიდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური