GE

„ნუ გაერთობით თქვენთვის ნაცნობი ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებით“ – გამოცდების ცენტრის რჩევები აბიტურიენტებს

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთათვის ელექტრონულ ფორმატში კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამჯერად ღია კარის დღე გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ლიტერატურის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. აბიტურიენტების შეკითხვებს გამოცდების ცენტრის შესაბამისი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები პასუხობდნენ.

ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით, ჯგუფის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს ურჩიეს, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები არ დაწერონ ამა თუ იმ ნაწარმოების, მაგალითად, პერსონაჟის თვისებების აღწერისას.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პასუხს იძლევა აბიტურიენტი, საიდანაც ერთი სწორია, მეორე – არა. ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არასწორი პასუხი სწორს აბათილებს. მაგალითად, პერსონაჟზე თუ დაწერს, რომ ის იყო ფაქიზი ბუნების, კეთილშობილი ადამიანი, ჩაითვლება სწორად, რადგან პერსონაჟი სწორედ ასეთია, მაგრამ თუ დაწერს, რომ იყო ფაქიზი ბუნების ხეპრე ადამიანი, რა თქმა უნდა შეცდომაა, რადგან „ხეპრე“ და „ფაქიზი“ გამორიცხავს ერთმანეთს და აბათილებს პასუხს. ამიტომ, ეცადეთ, დაკვირვებით დაწეროთ თქვენი პასუხები და იყოს ზუსტი“, – ურჩია აბიტურიენტებს ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელმა.

აბიტურიენტის კითხვაზე, რატომ ანიჭებთ დიდ უპირატესობას „ვეფხისტყაოსანსო“, ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ეს რიტორიკული შეკითხვაა და „ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის, ყველა დროს, ყველა გამოცდაზე იქნება განსაკუთრებული, იმიტომ, რომ თვითონ ტესტია განსაკუთრებული და გამომცდელებიც ამიტომ ანიჭებენ მას განსაკუთრებულ ყურადღებას.

რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდას, გამოცდების ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხშირად გამოცდაზე იმაზე მეტს წერენ, ვიდრე მოეთხოვებათ, რადგან ზოგი თვლის, რომ ყველაფერი უნდა დაწეროს, თუ რაიმე იცის იმ კონკრეტულ საკითხზე.

„ყველაფრის დაწერა არ არის ეს საჭირო, რადგან ზედმეტი ჩანაწერის დროს, ალბათობა იმისი, რომ რაღაც ტიპის შეცდომები დაუშვათ, ბევრად უფრო მაღალია. ვფიქრობ, კითხვის წაკითხვა და აღქმა არის ცოტა შესუსტებული აბიტურიენტების მხრიდან. მაინც გამოცდაა, ნერვიულობთ და ეს გარე ფაქტორები მოქმედებს, რომ კითხვას ისე ვერ იგებთ, როგორც არის ფორმულირებული. ამიტომ, რამდენჯერმე წაიკითხეთ და მხოლოდ და მხოლოდ იმას გაეცით პასუხი, რასაც გეკითხებიან მოკლედ და კონკრეტულად.

თუ არ გეკითხებიან გამოთვლას… ხშირად კითხულობენ, რა, მათემატიკააო. არ არის ნამდვილად მათემატიკა, მაგრამ მათემატიკა ძალიან გვჭირდება გეოგრაფებს. ამიტომ, ასეთი კითხვები აუცილებლად იქნება. თუ არ არის მინიშნება, რომ აუცილებლად აჩვენოთ გამოთვლის პროცესი, თქვენ მხოლოდ აღწერა შეგიძლიათ – სიტყვიერი ჩანაწერი უნდა გააკეთოთ, როგორ შეიძლება ამისი გამოთვლა, მაგრამ თუ გეკითხებიან, რომ აუცილებლად აჩვენოთ გამოთვლის პროცესი, მაშინ გვთხოვთ, რომ მიჰყვეთ ინსტრუქციას“, – ითქვა ღია კარის დღეზე გეოგრაფიის გამოცდასთან დაკავშირებით.

გამოცდების ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ საგნის გამოცდისთვის მნიშვნელოვანია, პასუხი არ უნდა იყოს ქსენოფობიური, არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას და მოვლენების ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ ღირებულებებს.

„არის დავალება, სადაც კონკრეტული თემაა მოცემული და მის შესახებ ოთხი არგუმენტი უნდა დაწეროთ. ამ დროს მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული არგუმენტი იყოს განსხვავებული, დამოუკიდებელი აზრის მატარებელი. შეიძლება პრეტენზიაც გქონდეთ, თუ რატომ არ დაიწერა ქულა, როდესაც კარგად, უშეცდომოდ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული აზრი, მაგრამ ეს აზრი შეიძლება იმეორებდეს წინა არგუმენტს და მასში არაფერი ახალი და განსხვავებული ხედვა არ ჩანდეს და შესაბამისად, განულდება“, – უთხრა აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლების ჯგუფის წარმომადგენელმა.

ვინც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის გამოცდას აბარებს, პირველ რიგში, ყურადღებით უნდა წაიკითხონ კითხვები და ზუსტად იმაზე გასცენ პასუხი, რასაც ეკითხებიან.

„ხშირად იწყებენ არასაჭირო შინაარსის ტექსტების წერას, რომელიც აბნევს და აპლიკანტი ვეღარ საზღვრავს, გასცა თუ არა პასუხი ამა თუ იმ კითხვას. ამიტომ, ყოველთვის დაიწყეთ პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, რომელიც არის დასმული დავალებაში და ნუ გაერთობით თქვენთვის ნაცნობი ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებით, რადგან, რაც არ უნდა ბევრი ეცადოთ, თუ პასუხი არ არის კითხვაზე, მაშინ ეს ნამუშევარი განულდება. ამიტომ, შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტულად გასცეთ კითხვაზე პასუხი. ეს იქნება ვრცელი თუ მოკლე პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, კითხვაზე იყოს პასუხი“, – ამბობს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებთან.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო პროცესი 2022 წლის აბიტურიენტებისთვის – ანუ რა გველის იქ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური