GE

ოკუპირებული რეგიონების სკოლების დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და ტექ-პერსონალისთვის 3 140 000 ლარი გამოიყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 2018 წლისთვის “ოკუპირებული რეგიონის პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების” პროგრამა დამტკიცდა.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფში იგულისხმებიან: 1. გალის რაიონის იმ სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციცულ-ტექნიკური პერსონალი, რომელი სკოლებიც განათლების სამინისტროსგან არ ღებულობენ ვაუჩერულ დაფინანსებას. 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

ბრძანების თანახმად, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 3, 140, 000.00 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში ისინი მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებას.

პროგრამის ბენეფიციარების ყოველკვარტარული ფინანსური დახმარება შემდეგნაირად განისაზღვრება:

1. დირექტორებისთვის 810 ლარის ოდენობით;

2. პედაგოგებისთვის 780 ლარის ოდენობით;

3. ტექნიკური პერსონალისთვის 522 ლარის ოდენოობით.

როგორც ბრძანებაშია განმარტებული: “გალის რაიონის სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის სია განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის სია განისაზღვრება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორული ერთეულის ადმინისტრაციის “შემდგომში სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია” მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”

სამინისტრომ კვარტლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს ფინანსური (სოციალური) დახმარების გაცემა. პირველ კვარტალში გათვალისწინებული თანხების გაცემა 2018 წლის 15 მაისამდე უნდა მოხდეს.

ბრძანება #23

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური