GE

ოლიმპიადები ბიზნესის, მასწავლებლის და მშობლის ინტერესებისთვის–სად არის ბავშვის ინტერესი?

სასკოლო ოლიმპიადები საქართველოში ერთ-ერთი აღმავალი ბიზნესია. სკოლები, მასწავლებლები და მშობლები სულ უფრო აქტიურად აგზავნიან ბავშვებს სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსაც. მეტიც, ოლიმპიადაში მონაწილეების 60-70%-ს სწორედ დაბალი სასკოლო საფეხურის მოსწავლეები შეადგენენ. რას აძლევს დაწყებითი კლასის მოსწავლეს ოლიმპიადაში მონაწილეობა, ამ შედეგს ობიექტურად და სისტემურად არავინ ზომავს. განათლების სამინისტრო კერძო ოლიმპიადების ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ოლიმპიადის ჩატარებას არც ლიცენზია სჭირდება  და არც ტესტების შინაარსის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება. ასეთი კომპანიები ძირითადად სკოლებთან მუშაობენ და ბავშვებს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან იზიდავენ. ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა, მიიჩნევს რომ მსგავსი კონკურსები, ემსახურება არა ბავშვის, არამედ ბიზნესის, მასწავლებლის და მშობლის ინტერესებს.

„ვიღაცისთვის ეს არის ბიზნესი. რაც უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება, რაც უფრო მეტი მონაწილე ეყოლებათ, მით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ. მასწავლებლის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, თუ მისი მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ტესტირებაში, ის უფრო აღიარებული პედაგოგი გახდება; მშობლის პერსპექტივიდან გასაგებია, რომ მშობელი ამაყი და კმაყოფილი იქნება შედეგით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ოლიმპიადას წარმატებით გაართმევს თავს. თუმცა რად უჯდება ბავშვს ეს შედეგი, ამაზე მშობელი ნაკლებად ფიქრობს ხოლმე. ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, პატარა ასაკის ბავშვების ასეთი ფორმით ამდაგვარი, ქულების დაგროვებაზე ორიენტირებულ კონკურსებში მონაწილეობა, როგორც, მაგალითად, სილამაზის კონკურსები, სადაც ბავშვი ინსტრუმენტია. ბავშვს ეს არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ შესაძლოა მან ძალიან სერიზული იმედგაცრუება განიცადოს. რასაც მოჰყვება შფოთვა, სერიოზული ემოციური პრობლემები, ბავშვის დემოტივირება, შეიძლება ცუდად აისახოს თვითშეფასებაზეც. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მშობელი უნდა დაფიქრდეს ამაზე“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

მისივე თქმით, შესაძლებელია ბავშვი გარკვეულ უნარებს ფლობდეს, მაგრამ უცხო გარემოში, გამოცდის სიტუაციაში მისმა შეყვანამ ხელი შეუშალოს ამ უნარების გამოვლენას.

„მცირე ასაკის ბავშვებს, რომელთაც შეიძლება ჯერ კიდევ სკოლის და ახალი გარემოს სტრესი არ აქვთ დაძლეული ან ამ პროცესში არიან, განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ, იმისთვის რომ მოხდეს მათი უნარების გამოცდა/ტესტრება უცხო გარემოში. თუმცა ამას აქვს მეორე მხარე – რამდენად საჭიროა ამ ასაკში ბავშვისთვის მონაწილეობა მიიღოს ამგვარ კონკურსში. ბავშვის ინტერესი სად არის აქ? ეს არის პირველი კითხვა, რომელიც მე მიჩნდება. თუ აქ საუბარია ცოდნის შეძენაზე, ჯერ ისინი პირველ ნაბიჯებს დგამეს ამ სფეროში და შესაძლოა, არც არაფერი აქვთ ისეთი დაგროვილი, რომ ღირდეს ასეთ სტრესად. თუ მოტივირებაა ამოცანა, მაშინ რამდენად შეიძლება გაზარდოს ამან ბავშვის მოტივაცია? ხომ შეიძლება პირიქით მოხდეს, დაფრთხნენ და დემოტივირება განიცადონ წარუმატებლობის შემთხვევაში. როდესაც მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებს აბსოლიტურად გაუაზრებელ და ბავშვზე არაორიენტირებულ კონკურსებს ვთავაზობთ, უნდა დაისვას კითხვა, რისთვისაა ეს საჭირო და სად არის აქ ბავშვის ინტერესი?“, – ამბობს მაია ცირამუა.

კომპანია „კინგსი“ საგანმანათლებლო ბიზნესში 2013 წელს ჩაერთო. პირველ ეტაპზე 15 000 მონაწილე ჰყავდათ. 4 წელიწადში მათი რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. მონაწილეთა უმრავლესობა დაწყებითი სკოლის მოსწავლეა. ოლიმპიადის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მეორე კლასელი ბავშვები თავდაპირველად აუდიტორიებისკენ მართლაც დაბნეულები მიემართებიან თუმცა შემდეგ ტურებში უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებიან.

„ოლიმპიადებში მონაწილეობა სტრესის მომტანი რომ ყოფილიყო, კინგსი ასე აქტიურად ამგვარი მასშტაბებით მოღვაწეობას ვერ განაგრძობდა. ჩვენ ვაკვირდებით ოლიმპიადაზე პირველად მოსულ მე-2 კლასელ მოსწავლეს, რომელიც დაბნეული მიემართება საკუთარი აუდიტორიისკენ, მოსწავლეს რომელსაც პასუხების გადატანაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. ტურიდან ტურამდე შედეგებთან ერთად იზრდება ამ მოსწავლის თავდაჯერებულობა, სითამამე და მიზანდასახულობა. სწორედ ეს მოსწავლეები და მათი შედეგები, გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და შემართება არის ჩვენი მოტივაცია.

„ოლიმპიადა ეს არის შეჯიბრი. შეჯიბრი და მისი ძირითადი პრინციპები კი მოსწავლეებს ამყოფებს მუდმივ ფორმაში. ოლიმპიადების დაწყებამდე მოსწავლეები ემზადებიან, მეცადინეობენ იმისათის, რომ კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, შეაფასონ საკუთარი ცოდნა და რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეები პროექტიდან-პროექტამდე ცდილობენ თავიანთი შედეგების გაუმჯობესებას, დაწესებული ჯილდოების დამსახურებულად მოპოვებას“, – განმარტავს „კინგსის“ ადმინისტრაციის მენეჯერი სესილი გელოვანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

კომპანიაში ამბობენ, რომ მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა კლასგარეშე აქტივობებში მათ  დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, ხელს უწყობს საგამოცდო გარემოსთან მარტივ ადაპტაციას, რაც მოსწავლეებს  მომავალი სირთულეების მარტივად დაძლევაში ეხმარება. თუმცა აღნიშნული კვლევით მონაწილე ბავშვების ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეუსწავლიათ. როგორი შედეგები ექნება ოლიმპიადებზე მიღებულ გამოცდილებას გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ეტაპზე ამის დადგენა შეუძლებელია. რა ასაკიდან არის მართებული ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობა, ამაზე მშობელი იშვიათად ფიქრობს.

„ეს, ალბათ, სპეციალისტების კვლევის საგანი უნდა გახდეს. პატარა ასაკში ემოციურად ცოდოა ბავშვი, რადგან ნერვიულობს და ცოდნას ბოლომდე ვერ გამოამჟღავნებს. მერე შედეგზე ინერვიულებს. ამას დაემატება ზოგიერთი მშობლის არასწორი დამოკიდებულება მიღებულ შედეგზე… ამიტომ მე მგონია, რომ თავიდან ოლიმპიადის საკლასო და სასკოლო სახე სჯობს. ჩემი აზრით, ასე 12-13 წლიდან, დაწყებითი საფეხურის მერე ბავშვმა აუცილებლად უნდა დაიწყოს თვითდამკვიდრების მცდელობები, საკუთარი ძალების გამოცდა, სწრაფვა უკეთესი შედეგისთვის. რაშიც ოლიმპიადები ნამდვილად დაეხმარება“, – ამბობს სამი შვილის დედა, თამარ ადუაშვილი.

კერძო სასკოლო ოლიმპიადებს რადიკალურად უარყოფითად აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. 

„კერძო ოლიმპიადების შემქნელების მიზანია, რომ გააკეთონ ფული. ისეთ ოლიმპიადებში, რომელსაც აწყობენ ბიზნესები საქართველოში მე პრინციპში არ ვურჩევდი არავის თავისი შვილის გაყვანას, იმიტომ რომ არის ძალიან მაღალი სტრესი, არ ამოწმებს ბავშვის შესაძლებლობებს მრავალმხივად და არის აგებული საკმაოდ მარტივ ხრიკზე: პირველ ტურში უნდა გაიყვანო რაც შეიძლება მეტი, რომ მეორე ტურში დაენანოს ხალხს თავისი შვილებისთვის უარის თქმა. თუ დააკვირდება მშობელი, პირველი ტური ძალიან იაფი ღირს, მეორე ტური უცებ ძვირდება, რატომ? იმიტომ, რომ მერე მშობელი უარს ვერ ეტყვის შვილს, რაკი რაღაც წარმატებას მიაღწია. სინამდვილეში თითქმის ყველა აღწევს ამ წარმატებას. პრობლემა კიდევ ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვს აყენებს სტრესს, სკოლებს აჯიბრებს ერთმანეთთან, საკმაოდ დაბალი კოგნიტური უნარების მიხედვით. ეს კომპანიები ცდილობენ სკოლები დაარწმუნონ, რომ თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ეს დამატებით ხარისხის მაჩვენებელს შესძენს მათ“, – აცხადებს ჯანაშია.

დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ტესტებთან მუშაობის გამოცდილება სამომავლო წარმატების გარანტიაა, საფუძველს მოკლებული არ არის. მით უფრო, რომ ჩვენს რეალობაში ტესტირების შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, სამსახურში მიღების ან თანამდებობის შენარჩუნების საკითხი ბევრ კერძო და საჯარო უწყებაში ტესტირების შედეგებით განისაზღვრება. თუმცა საგულისხმოა ერთი ფაქტი – მანქანის მართვაც ყველასთვის საჭირო უნარია, მყარ ნერვებს და სიძნელეების გადალახვის შნოს რომ მოითხოვს, თუმცა მართვის მოწმობის გაკვეთილებზე დაწყებითი ასაკის ბავშვები არ გაყავთ. მეტიც, ბევრი ზრდასრული მართვის მოწმობას ისე იღებს, რომ საგამოცდო ბილეთები აქვს დაზუთხული და მანქანის ტარება სულაც არ იცის.

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

რა არის სასკოლო ოლიმპიადების მიზანი – ბიზნესი, თუ ცოდნის შემოწმების საშუალება?

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური