GE

ყველა მოსწავლე ტექნიკით უზრუნველყოფილი ისევ არ არის – რას ამბობს სამინისტრო და როგორია რეალობა ონლაინ სწავლებისას

კოვიდპანდემიის პირობებში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების ფორმატზე გავიდნენ, მოსწავლეთა ნაწილს, განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა შეექმნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ტიპის სწავლების სხვა ბევრ სირთულესთან ერთად, ნათლად გამოიკვეთა ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხიც, მოსწავლეთა ნაწილი ონლაინ გაკვეთილზე დასწრებას კომპიუტერისა და/ან მობილური ტელეფონის არქონის გამო ვერ ახერხებდა.

იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით სკოლებმა სწავლება საკლასო ოთახებში განაახლეს, კორონავირუსის მიზეზით, ესა თუ ის საგანმანათლებლო დაწესებულება და ცალკეული კლასი რეგულარულად უბრუნდება ონლაინ სწავლებას. აქედან გამომდინარე, დისტანციური ფორმატის შემოღებიდან, თითქმის ორი სასწავლო წლის შემდეგაც კი, პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას, თუმცა მისი გადაწყვეტის გზებზე ცოტას საუბრობენ.

მოსწავლეთა ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემაზე ცოტა ხნის წინ UNICEF-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმაც ისაუბრა და ერთგვარი გამოსავალიც შესთავაზა ხელისუფლებას. ნოემბერში გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, თემატური მოკვლევის – „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ – ზეპირი მოსმენისას, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაკო ყურაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოსწავლე სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით – უფასო და ხარისხიანი განათლებით ვერ სარგებლობს. ყუფარაძემ მოუწოდა სახელმწიფოს, დაეხმაროს იმ მოსწავლეებს, ვისაც ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკაზე ხელი არ მიუწვდებათ, მათ შორის ასეთ მოსწავლეებს თუნდაც გარკვეული პერიოდით ათხოვოს საჭირო ტექნიკა.

როგორ ხედავს აღნიშნულის გადაწყვეტას მიხეილ ჩხენკელის უწყება, ამის გასარკვევად EDU.ARIS.GE მინისტრის პირველ მოადგილეს ესაუბრა. ეკატერინე დგებუაძე ამტკიცებს, რომ სამინისტრო, დისტანციური სწავლების დროს, მოსწავლეთა ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ამჟამად, და სამომავლოდაც განაგრძობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებამ ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში 6 000 კომპიუტერი შეიტანა, აღნიშნული ტექნიკა კი, სასწავლო დაწესებულების ლაბორატორიებმა, ონლაინ სწავლების დროს, საჭიროების მიხედვით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ათხოვეს.

„რა თქმა უნდა, ამას ვახორციელებდით კიდეც და განვახორციელებთ. თბილისსა და რეგიონებში ახლა 6 000 კომპიუტერი შევიტანეთ სკოლებში. თქვენ რომ სკოლები გამოკითხოთ, დაგიდასტურებენ, რომ ყველა სკოლამ გახსნა ლაბორატორია და ვისაც არ ჰქონდა, მისცა, ათხოვა კომპიუტერი, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ. და ყველა ის რესურსი, რაც ხელმისაწვდომი იყო და შესაძლებელი იყო, რომ მიეცა სკოლას, ყველამ მხარი დაუჭირა როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს”, – განგვიცხადა ეკატერინე დგებუაძემ, რომლის ინფორმაციითაც, კომპიუტერების სასკოლო სივრცეში შეტანა მომავალ წელსაც იგეგმება.

„მომავალ წელს კიდევ შევიტანთ. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ მაქსიმალურად აღიჭურვოს ლაბორატორიები კომპიუტერული ტექნიკით. ბიუჯეტშიც ერთერთი პრიორიტეტი იქნება ეს“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

EDU.ARIS.GE მიხეილ ჩხენკელის პირველი მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას უშუალოდ სკოლებსა და მოსწავლეებთან გასაუბრების საფუძველზე შეეცადა.

თუკი, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში არსებული ლაბორატორიები ტექნიკით უზრუნველყოფილია და თავის მხრივ, ლაბორატორიები მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფენ, რატომ ვერ სარგებლობს ყველა მოსწავლე სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით – უფასო და ხარისხიანი განათლებით? გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის განმარტებით, მართალია, სკოლების უმრავლესობა, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ბიუჯეტით, უზრუნველყოფილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, ანუ იმ ოთახებით, სადაც ძალიან ბევრი კომპიუტერია, მაგრამ ბევრ სკოლაში აღნიშნული ტექნიკა არც კი მუშაობს.

რა ძირითადი პრობლემა ექმნებათ სკოლებს, უკავშირდება თუ არა ის ტექნიკურ უზრუნველყოფას და ფლობენ თუ არა მათი გადაჭრის ინსტრუმენტებს საგანმანათლებლო დაწესებულები ლაბორატორიებში არსებული ტექნიკით – EDU.ARIS.GE ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო სკოლას დაუკავშირდა.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფლის სკოლას ხელმძღვანელობს, გვეუბნება, რომ მოსწავლეების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სკოლების ლაბორატორიებიდან, განათლების სამინისტროს მიერ გადაცემული ტექნიკის თხოვება, კომპიუტერების სიძველის გამო, ვერ მოხერხდა.

„გრანტით შეძენილი ნოუთბუქები ვათხოვეთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ონლაინ სწავლების დროს ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემა ჰქონდათ. ლაბორატორიიდან დამონტაჟებული ტექნიკის გატანა ვერ მოვახერხეთ. იყო ასევე შემთხვევა, რომ პედაგოგებმაც ათხოვეს მოსწავლეებს ტექნიკა. ამის მიუხედავად, სკოლას მაინც ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლის ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

ლაბორატორიაში არსებული ტექნიკის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს ამავე მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ სამინისტროს მიერ გადაცემული ძველი ტექნიკა არ იძლევა საშუალებას, რომ ის მოსწავლეს სახლში გაატანონ.

„ტექნიკის პრობლემა ჰქონდათ ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს. 5-6 ბავშვიან ოჯახებს არ ჰქონდათ მაგალითად ამდენივე მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი. ასეთ შემთხვევებში, სკოლა ცდილობდა ტექნიკურ უზრუნველყოფას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი ნოუთბუქებით. 170 მოსწავლე გვყავს და ყველას ვერ გავწვდებოდით. სკოლის ლაბორატორიაშიც გვაქვს 20 კომპიუტერი, რომლებიც განათლების სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ შემოიტანა, მაგრამ ძველი, პროცესორიანი კომპიუტერებია და მათ ვერ ვათხოვებთ ს ხოლმე“, – ამბობს დირექტორი.

ტექნიკურ უზრუნველყოფასთან ერთად, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობენ აჭარის მაღალმთიან ზონაში არსებული სკოლების წარმომადგენლები. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთერთი სოფლის სკოლის დირექტორთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ სოფლის ნაწილისთვის ინტერნეტი სრულად მიუწვდომელია და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად, „სატელეფონო გაკვეთილებს“ ატარებდნენ.

„ნახევარ სოფელში არ იჭერს ინტერნეტი, რის გამოც, რამდენიმე მოსწავლეს ონლაინ სწავლებისას წვდომა არ ჰქონდა საერთოდ. გამოსავალი იყო ის, რომ ტელეფონის ნომერზე ვურეკავდით ამ მოსწავლეებს და ისე ვატარებდით გაკვეთილებს“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა EDU.ARIS.GE-სთან.

ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემა უცხო არ არის არც ხულოს მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ერთერთი სოფლის სკოლის დირექტორის თქმითაც, ამ მიზეზით დისტანციურად გაკვეთილების ჩატარდება დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

„გვყავს ერთი-ორი ისეთი მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც რამდენიმე მოსწავლეს მხოლოდ ერთი ტელეფონი ჰქონდა, კომპიუტერი კი არა, თუმცა მეზობლებისგან თხოულობდნენ და ეს პრობლემა მოგვარდა. ჩვენი ძირითადი პრობლემაა ის, რომ ინტერნეტი არ იჭერს. ძალიან გვიჭირდა ამის გამო ონლაინ გაკვეთილების ჩატარება“, – აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი.

UNICEF-ის წარმომადგენლის მიერ პარლამენტში დასახელებული მონაცემებით, 2020 წელს, კოვიდპანდემიისა და დისტანციური სწავლების პირობებში, 55 ათას ბავშვს არ გააჩნდა არც კომპიუტერი და არც ტელეფონი, რომლითაც ონლაინ გაკვეთილებში ჩართვას შეძლებდა. მიმდინარე წლის მონაცემი, თუ რამდენ ბავშვს არ აქვს შესაბამისი ტექნიკა, ცნობილი არ არის. მაკო ყუფარაძის თქმით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ მოსწავლეები, ვისაც ტექნიკის შეძენის საშუალება არ აქვთ, ადრეული ასაკიდან დისკრიმინირებულები არიან.

ასევე იხილეთ:

რას შეუძლია სკოლებში უინტერესო გაკვეთილების ხარისხიანით ჩანაცვლება – მაკო ყუფარაძე „სკოლების აგუგუნებაზე“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური