GE

ოპოზიცია ხელისუფლებას უნივერსიტეტების დაფინანსების 2012 წლის მოდელზე დაბრუნებას სთავაზობს

საპარლამენტო ოპოზიცია ისევ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ სტუდენტებისა და უნივერსიტეტების დაფინანსების წესს, რომელიც 2012 წელს შეიცვალა და მოითხოვს დაფინანსების მაშინდელი მოდელის დაბრუნებას.

ამის შესახებ განათლების კომიტეტის წევრმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სერგო რატიანის ინფომაციით, აუდიტის სამსახურმა დაადასტურა მათი აზრი, რომ 2012 წლის შემდეგ შემოღებული სტუდენტებისა დაფინანსების სისტემა არარაციონალური და უსამართლოა და ის მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ დაფინანსების ძველ 2012 წლამდე მოდელზე გადავიდნენ.

„2013 წლიდან ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“ სტუდენტების დაფინანსების წესთან დაკავშირებით. გრანტების გაცემის წესის პარალელურად „ოცნებამ“ მოიფიქრა ახალი პროგრამული დაფინანსების წესი. ამ პირობებეში მინდა წარმოგიდგინოთ არა ჩვენი, არამედ უკვე აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, ეს არის უნივერსიტეტებს შორის ფულის არასწორი გადანაწილება; მეორე სერიოზული პრობლემა არის სტუდენტებს შორის თანხების არასწორი და უსამართლო გადანაწილება და მესამე, ამ პრიორიტეტულ უფასო ფაკულტეტებს მხოლოდ 53 პროცენტი ამთავრებს, ნახევარი სტუდენტებისა გადადის სხვაგან, როდესაც შემოდის ამ ფაკულტეტებზე. ერთ სტუდენტს, რომელიც გრანტსაც იღებს, მას პრიორიტეტული დაფინანსებაც პარალეურად აქვს 100 პროცენტიც, ხოლო 50 პროცენტიან გრანტსაც, რომ ვერ იღებს ის იღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას. როცა თქვენი აუდიტის სამსახურიც ჩვენსავით აფასებს ამ ფაქტს, დავუბრუნდეთ დაფინანსების იმ მოდელს, რომელიც იყო 2012 წლამდე, იმიტომ რომ ეს სისტემა არის სამართლიან და რაციონალური“, – თქვა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტბის დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ განათლების მინიტრმა თებერვალში პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს.

„ახლა ამ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ იმ ინდიკატორებზე, რომლებითაც უნდა მოვახდინოთ მაგალითად მეცნიერების წახალისება, პროგრამების წახალისება. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიდიოდა კვლევა. კვლევა უკვე სრულდება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ვაუჩერული სისტემის დარჩენას გულისხმობს, ხოლო მოდელი, რომლითაც ფული უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასების მაჩვენებლებზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში ამაზე მუშაობას მოვრჩებით და ვფიქრობთ, მომავალ წელს უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი გვექნება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური